არჩევნები 2020

ბოკერია 19 უბნის გადათვლაზე: აზრს მოკლებულია ეს სისულელის ნიაღვარი მდინარაძისგან

"მთელი ეს სისულელის ნიაღვარი აზრს მოკლებულია" – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის ნათქვამს, რომ 19 უბნის ხელახლა გადათვლის შედეგად არანაირი გაყალბების კვალი არ აღმოჩენილა. 

ბოკერიას თქმით, მაშინ, როდესაც ცესკოს ოფიციალურ გვერდზე აღრიცხულია შეცდომა პროპორციული ბიულეტენების მესამედსა და მაჟორიტარული ბიულეტენების თითქმის ნახევარში, მდინარაძის ეს კომენტარი აზრს მოკლებულია. 

"როცა მესამედში პროპორციული ბიულეტენების და მაჟორიტარულის თითქმის
ნახევარში არის დისბალანსი და ამ ტიპის დისბალანსი, რომელიც ყველამ ნახა, არა რაიმე
არაოფიციალურ გვერდზე, არამედ ცესკოს ოფიციალურ გვერდზეა, საერთოდ მთელი ეს
ნიაღვარი სისულელის მდინარაძისგან ან ნებისმიერი სხვა კლოუნისგან აზრზს
მოკლებულია საერთოდ". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ოპოზიციური ლიდერის შეფასებით, არჩევნების გაყალბების ტესტი ის კი არ არის, რომელ უბანს შეარჩევენ გადასათვლელად, ტესტი ისაა, რომ, სადაც ავტორიტეტული სადამკვირვებლო ჯგუფები ან ოპოზიცია ითხოვს გადათვლას, იქ საერთოდ არცკი განიხილავენ საჩივრებს. 

"სურათი არის ძალიან მკაფიო და ძალიან მძიმე ქვეყნისთვის და ამის შემოქმედი არის
ივანიშვილის მთავრობა, ივანშვილის სუსი და ივანიშვილის საარჩევნო კომისიები,
რომლებმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით საარჩევნო დღეს და
ღამეს ოპერაცია ჩაატარეს და ივანიშვილის, ე.წ "ბიძინას კარუსელებს" რასაც ეძახიან,
გაკონტროლების, ხმის ყიდვის, დაშინების და ჩაყრის ინსტუმენტების გამოყენებით.

ამ მეთოდებით მოხდა ჩვენი საზოგადოების ნების აშკარა გაყალბება, ივანიშვილმა ვერ
მოიპოვა მანდატი ჩვენი ხალხის, ამიტომაა ეს შედეგი, რაც ცესკოს უდევს, არალეგიტიმური". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჩივრების განხილვას გამოეხმაურნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და დემოკრატიული არჩევნები. მათი ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრებს განხილვის გარეშე ტოვებდნენ. ისინი მოუწოდებდნენ საოლქო კომისიებს, გადაეთვალათ რაც შეიძლება მეტი ოლქის ბიულეტენი "და ამ გზით გაზარდონ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც იქნებიან პასუხისმგებლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე."

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები