კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ყოველი 125 ინფიცირებულიდან 1 დაიღუპა, თუ გავრცელებას არ შევაჩერებთ, მეტი დაიღუპება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ყოველი 125 ინფიცირებული ადამიანიდან ერთი იღუპება. ამის შესახებ იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა. მან მოსახლეობას მოუწოდა, იარონ პირბადით და დაიცვან დისტანცია.

"125 ადამიანიდან, ვინც საქართველოში ავად გახდა, ყოველი 125-ე დაიღუპა. ბინაზეც დაიღუპებიან ადამიანები სამწუხაროდ, როდესაც 10 000 ადამიანი ავად გახდება, ვიღაცა ბინაზეც დაიღუპება, ამიტომ არ გვინდა, რომ იყოს ათიათასობით ავადმყოფი ერთად... კიდევ უფრო მეტი დაიღუპება, თუ ჩვენ რამენაირად არ შევაჩერებთ ამ დაავადების ფართო გავრცელებას" - ამბობს იმნაძე.

6 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

კომენტარები