არჩევნები 2020

გაყალბების რა მასშტაბზე საუბრობს ოპოზიცია – რიცხვებში

არჩევნები 2020

გაყალბების რა მასშტაბზე საუბრობს ოპოზიცია – რიცხვებში

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არც ერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმაენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა

ტაბულა დაინტერესდა, გაყალბების რა მექანიზმები გამოავლინეს და რა მასშტაბზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიები.

მოსყიდვას, დაშინებასა და ძალადობასთან ერთად, ტაბულასთან პოლიტიკურმა ლიდერებმა გაყალბების ისეთ მექანიზმებიც გამოყვეს, როგორებიცაა ე.წ. "კარუსელები" არჩევნების მიმდინარეობის პროცესში, ბიულეტენების ჩაყრა ხმების დათვლისას და დაუბალანსებელი ოქმები. 

ოპოზიციურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ არჩევნების გაყალბებამ გავლენა იქონია არა მხოლოდ ხმების გადანაწილების პროპორციაზე, არამედ არჩევნების შედეგზეც. 

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე გაყალბებული ხმების რაოდენობა 150 000-200 000 შორის მერყეობს, რაც სულ არჩევნებზე მისული მოქალაქეების რაოდენობის 7-10%-ია.

"მხოლოდ პროპორციულ ნაწილში იყო 8 400 ბიულეტენი, რომელიც აკლია ყუთში ჩავარდნილ ბიულეტენებს – ანუ 8 400 ცარიელი კონვერტი, რაც ნიშნავს პოტენციურ 84 00 "კარუსელს". შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თითოეულ "კარუსელში" საშუალოდ მონაწილეობს 10-დან 20-მდე ადამიანი. 

აქედან შეგვიძლია ვთქვათ, რომ 80 000-დან 160 000-მდე ადამიანი უბრალოდ "კარუსელებში" ჰყავდათ ჩართული – ანუ ეს არის გაკონტროლებული ხმის მიცემა". – ამბობს სერგი კაპანაძე.

ევროპულ საქართველოში ასევე ლაპარაკობენ არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილში დაუბალანსებელ ოქმებზე, რომლებიც საარჩევნო უბნების 53%-ში გამოვლინდა.

"მეორე მიმართულება არის, რომ უბნების დაახლოებით 53% მაჟორიტარულ ნაწილში მოიცავს ისეთ ოქმებს, რომლებშიც არ არის დასმული ბალანსი – ანუ ყოველი მეორე არის დაუბალანსებელი ოქმი. აქ არის, როგორც "კარუსელები", ისე ზედმეტობა, ანუ ჩაყრილი ბიულეტენები.

აქედანაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 50 000-მდე ხმა არის ან მოპარული, ან ზედმეტად ჩაგდებული, ან კარუსელში ჩაბმული". – თქვა კაპანაძემ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ისნის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას ქვეყნის მასშტაბით გასაჩივრებული აქვს საარჩევნო უბნების დაახლოებით 2/3, რაც ამომრჩეველთა ხმების 1/3-ია.

"წარმოუდგენელია, ჩვენ დავითვალოთ გაყალბების ისეთი მექანიზმები, როგორიცაა, მაგალითად, კარუსელი. ჩვენი ბლოკის საჩივრებს რაც შეეხება, დაახლოებით დაწერილი გვაქვს 1 200-ზე მეტი ოქმის გასაჩივრება, რაც არის უბნების 2/3 და ამომრჩევლის 1/3. 

სადაც იყო სპეცუბნები, მაგალითად სამართალდამცველებისთვის, მაჟორიტარულ ნაწილში მიაცემინეს ხმა იმ პოლიციელებს, ვინც ჩაწერილები არ იყნენ იმ ოლქში და მხოლოდ პროპორციულ ნაწილში უნდა მიეცათ ხმა.

ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის 1/3-ის ნება არ არის გამოხატული და უბნების 2/3 არის გასაბათილებელი". – ამბობს ხატია დეკანოიძე. 

დეკანოიძის თქმით, კონკრეტულად ისანში ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 10-12%-ია დაკლებული.

გირჩში ტაბულას უთხრეს, რომ მხოლოდ გაბათილებული ბიულეტენებისა და ე.წ. კარუსელების გზით ქვეყანაში, სულ ცოტა, 100 000 ხმაა გაყალბებული.

"მხოლოდ ბათილი ბიულეტენები რომ ავიღოთ მთელი არჩევნების მასშტაბით, არის დაახლოებით 70 000 გაბათილებული ბიულეტენი, რაც ნიშნავს, რომ რეალურად 4-5 საპარლამენტო მანდატის ხმებია გაბათილებული, რაც არის უპრეცედენტო რიცხვი. 

ამას გარდა, გამოვლენილია ე.წ "კარუსელები". საშუალოდ, თითო უბნიდან არის 5 ბიულეტენი გატანილი, ჯამში 20 000 ხმაა ამ გზით მოპარული. მაგრამ, ეს 5 მინიმალური რიცხვია, ზოგი უბნიდან 100-200 ბიულეტენია დაკარგული.

ჯამში, ბათილი ბიულეტენები და ამ გზით გაყალბება რომ შევკრიბოთ, სულ ცოტა 100 000 ხმაა გაყალბებული". – ამბობს გირჩის სპიკერი.

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, არჩევნებზე ხმების დისბალანსი 3800 უბანზე გამოვლინდა, რაც 200000-ზე მეტ ამომრჩევლის ხმას უდრის.

"კარუსელები და ზედმეტად ჩაყრილი ხმები საერთო ხმების დისბალანსს ქმნის, 3 800 უბნიდან 200 000-ზე მეტზე ბალანსი ვერ დგება. 200 000-მდე ხმა გაყალბებულია. ხმების 10%-ის ქურდობა, ეს გაუგონარი ფაქტია, რაც საქართველოში არასდროს მომხდარა". – ამბობს ჩიხლაძე.

ლელოს წევრი და მთაწმინდა-კრწანისის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საბა ბუაძე ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით, 150 000-ზე მეტი ხმაა დაკარგული.

"მთაწმინდა-კრწანისის ოლქში, არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილში 2000-ზე მეტი ბიულეტენია გაუქმებული. სრულად, ქვეყნის მასშტაბით 150 000-ზე მეტი ხმა დაიკარგა". – ამბობს ბუაძე.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100% დათვლილია:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ "31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა".

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით საარჩევნო უბნების 8%-ზე გამოვლინდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები". – წერს ორგანიზაცია.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები