დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საჭიროა, კორონავირუსის მართვაში დაუსაქმებელი ექიმები, სტომატოლოგები და სამედიცინოს სტუდენტები ჩაერთონ.
"ჩემს კოლეგებს, დღეს ვინც დასაქმებული არ არის, ან პენსიაზე არიან, მათ შეიძლება მოეძებნოთ... გასაგებია, რომ ასაკოვან ექიმებს ვერ გამოვიყენებთ რეანიმაციებში და ჰოსპიტლებში, მაგრამ შეიძლება, რომ კოვიდცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, კოვიდ სასტუმროებში...
მაქსიმალურად უნდა იქნეს მობილიზებული ჩვენი სამედიცინო სექტორი, იგივე სტომატოლოგები, ვინც ბევრნი არიან ქვეყანაში, ვისაც აქვს სამედიცინო განათლება, ნასწავლი აქვს საგნები და იცის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ, შეგვიძლია მათი გამოყენება. ასევე, სტუდენტები V-VI კურსის, რომლებსაც ძირითადი კლინიკური საგნები გავლილი აქვთ, თავისუფლად შეიძლება, ექიმის, ექთნის ასისტენტებად იმუშაონ ამ პერიოდში.
ამ ტიპის მოძრაობა ქვეყანაში საჭიროა, იმიტომ, რომ გარკვეულ ზღვარზე შევდივართ ეპიდსიტუაციის და ეს სიტუაცია სამართავია. დღევანდლამდე ეს მართვადია, მიუხედავად იმისა, რომ 27 00 ახალი შემთხვევაა, ვიცი, სოციალური ქსელიდან არის უკმაყოფილება, შენიშვნები, მაგრამ ძირითადში სიტუაცია მართვადია - ჰოსპიტალები, კოვიდ სასტუმროები და საავადმყოფოები" - ამბობს გამყრელიძე.
6 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 კი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.





