არჩევნები 2020

სააკაშვილი: არ შევეხებით და წავახალისებთ ყველას, ვინც მოყვება, როგორ ხდებოდა გაყალბება

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook მიმართვაში ამბობს, რომ ყოველ იმ ადამიანს, ვინც მოყვება, თუ როგორ ყალბდებოდა 2020 წლის არჩევნები, მიეცემა სრული ხელშეუხებლობის გარანტია და, მეტიც, იქნება წახალისებული "საქართველოს გარდამავალი და შემდეგი ხელისუფლებების" მიერ. 

"მინდა, მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს: თქვენ რაც გააკეთეთ, ეს არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ გაძლევთ გარანტიას და, დარწმუნებული ვარ, ამას ყველა დაეთანხმება!

ყველა, ვინც ახლა გამოვა და მოყვება იმას, თუ როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანაირად წახალისდებით და იქნებით მხარდაჭერილი საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების მიერ და შემდეგი ხელისუფლებების მიერ... ამაში ვარ დარწმუნებული!" – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები