ოკუპირებული აფხაზეთი

ვალერი არშბა: აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის კავშირში უნდა გაერთიანდეს

ვალერი არშბა
civil.ge

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო ვიცეპრეზიდენტი ვალერი არშბა გამოცემა აფხაზეთის რესპუბლიკაში გამოქვეყნებულ წერილში ოკუპირებული აფხაზეთის გარშემო შექმნილ რთულ პოლიტიკურ გარემოს განიხილავს. თავის წერილში არშბა რუსეთისა და კავკასიის ურთიერთობებზე ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ, მართალია, ისტორიის გარკვეულ ეტაპზე რუსეთი ტერიტორიული დაპყრობის ხარჯზე აფართოებდა თავის გავლენას, თუმცა ის "გაცილებით მეტს აძლევდა ახლად შეძენილებს ვიდრე ართმევდა მათ".

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო ვიცეპრეზიდენტი აფხაზების ხსნას რუსეთ-ბელარუსის კავშირში გაერთიანებაში ხედავს. არშბა აღნიშნავს, რომ ეს "აფხაზეთის სუვერენიტეტის დაკარგვის გარეშე" უნდა მოხდეს.

"ბოლო წლებში მივდივარ დასკვნამდე, რომ ქვეყნის შესანარჩუნებლად და აფხაზი ერის შესანარჩუნებლად აუცილებელია,  აფხაზეთის ელიტამ ხალხთან ერთად მიიღოს საბედისწერო გადაწყვეტილება და სუვერენიტეტის დაკარგვის გარეშე უნდა მოვემზადოთ უკვე არსებულ რუსეთ-ბელარუსის კავშირში შესვლისთვის. განსაკუთრებით დღეს აფხაზი ეთნოსის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს ყველა სახელმწიფო მოხელის... სახელმწიფოებრივ-პატრიოტული ორიენტაციის ერთ ბანაკში გაერთიანება. ჩვენ ყველა ერთად უნდა მივიდეთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებამდე, სხვა მხრივ ჩვენ ერისა და აფხაზეთის სახელმწიფოს შემდგომ განადგურებაზე ვიქნებით პასუხისმგებლები. მომავალი თაობა არასოდეს გვაპატიებს ამას" - წერს ვალერი არშბა.

სტატიაში არშბამ საქართველოსთან, "მტრულ მეზობელთან", ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვისთვის გააკრიტიკა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია.

ვალერი არშბა 1995-2005 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ვიცეპრეზიდენტი იყო. 

კომენტარები