აშშ-ს არჩევნები 2020

ტრამპმა მიჩიგანში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი ლიდერობს

ჯო ბაიდენი / დონალდ ტრამპი

აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა პენსილვანიის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინის და მიჩიგანის შტატებში. ამ 4-დან 3 შტატში ამ დროისთვის ტრამპი ლიდერობს, თუმცა მიჩიგანში, სადაც ხმების 99%-ია დათვლილი, ჯო ბაიდენი იმარჯვებს ხმების 49.9%-ით. ამ დროისთვის ტრამპს 48.6% აქვს.

"ჩვენ მოგებულად გამოვაცხადეთ პენსილვანია, (სადაც კანონიერ დამკვირვებლებს არ უშვებენ), ჯორჯია და ჩრდილოეთ კაროლინა. ყველა ამ შტატში ტრამპი დიდი სხვაობით ლიდერობს. დამატებით, ჩვენ მოგებულად ვაცხადებთ მიჩიგანსაც, თუ აქ მართლაც იყო დიდი რაოდენობით ჩუმად ჩაყრილი ხმები, რაზეც ინფორმაცია ვრცელდებოდა". – დაწერა მან Twitter-ზე.

Twitter-მა ტრამპის ამ განცხადებას გამაფრთხილებელი ნიშანი გაუკეთა შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გამო. ასევე მითითებულია, რომ ოფიციალურად გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა.

ტრამპის გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვისკონსინში, სადაც ბაიდენმა გაიმარჯვა, ხმების გადათვლას მოითხოვენ. ამავეს გეგმავენ მიჩიგანშიც, თუ ამ შტატშიც ბაიდენი გაიმარჯვებს.

"ნათელია, რომ იმდენ შტატს ვიგებთ, რომ საარჩევნო კოლეგიაში 270 ხმა მივიღოთ. აქ გამარჯვების გამოსაცხადებლად არ ვარ. იმის სათქმელად ვარ, რომ გვჯერა, რომ დათვლა როდესაც დასრულდება, გამარჯვებულები ვიქნებით.

დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებულები ვიქნებით. მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი გამარჯვება. ეს ყველას გამარჯვება იქნება. ამერიკის გამარჯვება. ამ გამარჯვების შემდეგ არ იქნება წითელი და ლურჯი შტატები. მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები". - თქვა ბაიდენმა რამდენიმე საათის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამჟამად ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 237 ხმა აქვს, გამარჯვებისათვის კი 270 სჭირდება. აღსანიშნავია, რომ მიჩიგანის გარდა ბაიდენი ლიდერობს ნევადასა და არიზონას შტატებში. ამ სამივე შტატში გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში მას საკმარისი ხმები ექნება პრეზიდენტად არჩევისათვის. ტრამპს 214 ხმა აქვს და ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და პენსილვანიაში ლიდერობს, თუმცა ამ სამივე შტატში გამარჯვების შემთხვევაშიც კი მას 265 ხმა ექნება, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.

განახლებადი შედეგები ნახეთ აქ.

ამავე თემაზე:

კომენტარები