აშშ-ს არჩევნები 2020

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, მიჩიგანის შტატში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

ჯო ბაიდენი

აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთი-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მერყევ შტატში, მიჩიგანში, რომელიც დემოკრატიული პარტიის წინა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე წააგო, ამჯერად ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. დათვლილია ხმების 99%, ბაიდენმა 49.9% (2 688 604 ხმა) მოიპოვა, ტრამპმა კი 48.6% (2 618 093 ხმა).

მიჩიგანის შედეგების გამოცხადებამდე ჯო ბაიდენმა პრესკონფერენცია გამართა:

"ნათელია, რომ იმდენ შტატს ვიგებთ, რომ საარჩევნო კოლეგიაში 270 ხმა მივიღოთ. აქ გამარჯვების გამოსაცხადებლად არ ვარ. იმის სათქმელად ვარ, რომ გვჯერა, რომ დათვლა როდესაც დასრულდება, გამარჯვებულები ვიქნებით.

დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებულები ვიქნებით. მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი გამარჯვება. ეს ყველას გამარჯვება იქნება. ამერიკის გამარჯვება. ამ გამარჯვების შემდეგ არ იქნება წითელი და ლურჯი შტატები. მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები". - თქვა მან.

ბაიდენმა გაიმარჯვა მოსაზღვრე შტატში, ვისკონსინშიც.

ტრამპის გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ის ხმების ხელახლა დათვლას მოითხოვს. თავად ტრამპმა კი Twitter-ზე დაწერა:

"ისინი ბაიდენისთვის მიცემულ ხმებს პოულობენ ყველგან - პენსილვანიაში, ვისკონსინში, მიჩიგანში. ძალიან ცუდია ქვეყნისთვის!"

ტრამპმა მიჩიგანში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. მის გუნდში ამბობენ, რომ მოითხოვენ მიჩიგანის შედეგების გადათვლასაც.

ამჟამად ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 253 ხმა აქვს, გამარჯვებისათვის კი 270 სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ბაიდენი ლიდერობს ნევადასა და არიზონას შტატებში, სადაც, გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში კიდევ 17 ხმას მოიპოვებს და შესაბამისად, საკმარისი მხარდაჭერა ექნება პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებისათვის. ამჟამად ნევადაში დათვლილია ხმების 75%, ბაიდენს აქვს 49.3%, ტრამპს კი – 48.7%. არიზონაში კი დათვლილია ხმების 84%, ბაიდენს აქვს 51%, ტრამპს – 47.6%.

გამარჯვებული, ჯერჯერობით, არ გამოვლენილა კიდევ 3 მერყევ შტატში, პენსილვანიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში. აქ ტრამპი ლიდერობს, თუმცა, ნევადაში დამარცხების შემთხვევაში ბაიდენს ვეღარ დაეწევა.

განახლებადი შედეგები ნახეთ აქ.

ამავე თემაზე:

კომენტარები