არჩევნები 2020

რიჟვაძე: ეს იყო ორკესტრირებული, მიზანმიმართული შეტევა საარჩევნო კომისიების მუშაობაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ საოლქო კომისიებთან მიმდინარე საპროტესტო აქციები ორკესტრირებული და მიზანმიმართული შეტევაა. 

მისი თქმით, ცესკოს თანამშრომლებმა "ამ მიზანმიმართულ შეტევას, როგორც გასულ დღეებში, ასევე დღესაც უმაღლესი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი". როგორც რიჟვაძე ამბობს, ყველა კანონგარეშე ქმედებას უმკაცრესი რეაგირება მოყვება. 

"განსაკუთრებით საგანგაშოა, რაც მოხდა საღამოს, ეს იყო ორკესტრირებული, მიზანმიმართული შეტევა საარჩევნო კომისიების მუშაობაზე, სადაც პირდაპირ და ღიად ხდება დესტრუქცია, მათ შორის იმ საჩივრების განხილვის დროს, რომელიც შეტანილია სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან.

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, გამოიჩინონ უმაღლესი პასუხიმგებლობა, ვინაიდან ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, ჩრდილი მიადგეს არჩევნების შედეგების შეჯამებას, ამავე დროს, იქნება უმკაცრესი რეაგირება ნებისმიერ კანონგარეშე ქმედებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველვყოთ სიმშვიდე და ვერანაირი რევოლუციური სცენარები ვერ განვითარდება". – ამბობს რიჟვაძე. 

საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, ოპოზიციის წევრები და აქტივისტები აქციას მართავენ. აქცია იმართება საბურთალოზე, გლდანში, ისანში, სამგორში და წყალტუბოსა და ბათუმში. ოპოზიციის წევრები ითხოვენ, რომ საჩივრების განხილვას დაესწრონ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.

კომენტარები