ლარის კურსი

კომერციულ ბანკებში 1 ევროს ღირებულება 3.99 ლარზე მეტია

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურების მაჩვენებელი ევროსთან 84 თეთრია. ლარის არსებობის ისტორიაში ევრო ასეთი ძვირი არასდროს ყოფილა – ოფიციალური კურსით 1 ევროს ღირებულება 3.9042 ლარია, კომერციულ ბანკებში კი 1 ევრო 3.9944 ლარი ღირს.

რაც შეეხება დოლარს, ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარის ღირებულება 3.3409 ლარია, კომერციულ ბანკებში კი 1 დოლარი 3.38-ზე მეტი ღირს.

2 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-მა ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს არაერთხელ გააკეთა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 8 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი  3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის – 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 51 თეთრით, ხოლო ევროსთან 84 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები