აშშ-ს არჩევნები 2020

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2020: ფლორიდაში ტრამპმა გაიმარჯვა, მინესოტაში - ბაიდენმა

დონალდ ტრამპი / ჯო ბაიდენი
CNN

უკანასკნელი მონაცემებით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ფლორიდის შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და შესაბამისად, საარჩევნო კოლეგიაში დამატებით 29 ხმა მიიღო. მას ახლა 213 ხმა აქვს. ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა მინესოტას შტატში, საიდანაც 10 ხმა მიიღო და ახლა 225 ხმით ლიდერობს.

თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დათვლილი ხმები გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მერყევ შტატებში. მათ უმეტესობაში, ამ დროის მონაცემებით, დონალდ ტრამპი ლიდერობს. წინასწარი შედეგები კი ასეთია:

არიზონა - ბაიდენი 52.4%, ტრამპი 46.3%

ნევადა - ბაიდენი 50.3%, ტრამპი 47.6%

ვისკონსინი - ტრამპი 51.3%, ბაიდენი 47.2%

მიჩიგანი - ტრამპი 53.4%, ბაიდენი 45%

პენსილვანია - ტრამპი 56.1%, ბაიდენი 42.7%

ჩრდილოეთ კაროლინა - ტრამპი 50.1%, ბაიდენი 48.7%

ჯორჯია - ტრამპი 50.7%, ბაიდენი 48.1%

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შტატში, მათ შორის ვისკონსინსა და პენსილვანიაში ფოსტით მიცემული ხმების დათვლა ჯერ არ დაწყებულა.

პარალელურად, მიმდინარეობს აშშ-ს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის არჩევნების შედეგების დათვლა. წინასწარი მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დემოკრატები შეინარჩუნებენ. ბოლო მონაცემებით, მათ უკვე მოიპოვეს 178 ადგილი, რესპუბლიკელებს კი ამ დროისათვის 170 ადგილი აქვთ. უმრავლესობისათვის პარტიებს 218 ადგილი სჭირდებათ.

რაც შეეხება სენატს, აქ უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია ინარჩუნებს. 3 ნოემბერს რამდენიმე შტატში 35 ახალ სენატორს ირჩევდნენ. ხელახლა ასარჩევი ადგილებიდან 23 რესპუბლიკელებს ეკავათ, 12 კი დემოკრატებს. ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკელებმა 17 ადგილი შეინარჩუნეს და ლიდერობენ კიდევ 4 შტატში. დემოკრატებმა შეძლეს რესპუბლიკელების დამარცხება ერთ შტატში - კოლორადოში. მათ კვლავ გაიმარჯვეს 7 შტატში და ლიდერობენ არიზონაშიც, სადაც რესპუბლიკელების მოქმედ სენატორს ამარცხებენ, თუმცა მარცხდებიან მიჩიგანში, სადაც მოქმედი სენატორი დემოკრატია. მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო ჯორჯიაში.

განახლებადი მონაცემები შეგიძლიათ, ნახოთ აქ.

საარჩევნო კოლეგიის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში - როგორია აშშ-ს საარჩევნო სისტემა და რა შანსები აქვს ჯო ბაიდენს

კომენტარები