პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმება

აშშ-მ პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმება ოფიციალურად დატოვა

დონალდ ტრამპი
AFP

ოთხშაბათს აშშ-მ პარიზს შეთანხმება ოფიციალურად დატოვა, თუმცა დარჩება თუ არა ეს გადაწყვეტილება ძალაში, დამოკიდებულია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. დონალდ ტრამპის კონკურენტმა, ჯო ბაიდენმა, პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალურ პაქტს დაუბრუნდებოდა.

კლიმატის ცვლილებაზე გაეროს კონვენციის აღმასრულებელი მდივნის პატრიცია ესპინოზას აზრით, აშშ-ს გადაწყვეტილება დააზიანებს პარიზის შეთანხმების მიზნებისა და მისწრაფებების შესასრულებლად გაწეულ შრომას. ესპინოზამ აღნიშნა, რომ გაერო ნებისმიერ დროს მზად იყო დახმარებოდა აშშ-ს, შეთანხმებას დაბრუნებოდა.

კლიმატის ცვლილების პაქტის დატოვების გეგმაზე საუბარი დონალდ ტრამპმა პირველად 2017 წელს დაიწყო. პრეზიდენტის აზრით, პარიზის შეთანხმება აშშ-ს ეკონომიკას დააზარალებდა, თუმცა შეთანხმების დატოვება, მისი პირობების გათვალისწინებით, ამ დრომდე შეუძლებელი იყო.

2015 წელს შემდგარი შეთანხმების 197 ხელმომწერს შორის აშშ იქნება ერთადერთი, რომელმაც პარიზის შეთანხმება დატოვა. ობამას პრეზიდენტობის დროს აშშ-მ დადო პირობა, რომ 2025 წლისთვის ქვეყანაში გამონაბოლქვის რაოდენობას 2005 წელთან შედარებით 26-28%-ით შეამცირებდა.

პარიზის შეთანხმება ითვალისწინებს გლობალური ტემპერატურის შენარჩუნებას პრეინდუსტრიულ მაჩვენებელზე არაუმეტეს 2 გრადუსისა, რადგან მეცნიერების აზრით, ამ ნიშნულზე მაღალი მაჩვენებელი პლანეტის ეკოსისტემის განადგურებას გამოიწვევს.

კომენტარები