პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმება

აშშ-მა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან გასვლის პროცესი ოფიციალურად დაიწყო

დონალდ ტრამპი
Time

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ პარიზის კლიმატის ცვილების შეთანხმებიდან გასვლის პროცესი ოფიციალურად დაიწყეს. პროცესი ერთწლიანია. მათ შესაბამისი დოკუმენტები უკვე წარადგინეს.

აშშ ერთადერთი ქვეყანა გახდება, რომელიც პარიზის შეთანხმების წევრი არ იქნება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ აშშ ენერგეტიკის სექტორის გაფართოების პარალელურად გამონაბოლქვის რაოდენობას ამცირებს:

"აშშ ამაყობს თავისი მაჩვენებლებით. ის მსოფლიოში ლიდერია ყველა სახის გამონაბოლქვის შემცირების კუთხით და ამავდროულად უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას." თქვა მან.

ევროკავშირში ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიუხედავად გააგრძელებენ აშშ-ის შტატებთან, ქალაქებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას კლიმატის დაცვის მიმართულებით.

საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ფაქტი სამწუხაროა და ასევე აღნიშნეს, რომ ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მაკრონი ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთი პუნქტი პარიზის შეთანხმების გაუქმებას გამორიცხავს.

აშშ შეთანხმების დატოვებას მხოლოდ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეძლებს. დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებმა პირობა დადეს, რომ მათი არჩევის შემთხვევაში პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლის პროცესს შეაჩერებენ და აშშ-ს შეთანხმებაში დააბრუნებენ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის შტატების, ქალაქების და ბიზნესების ნაწილი შეთანხმების პირობების შესრულებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებაზე გასულ თვეს პიტსბურგში ენერგეტიკის კონფერენციაზე ისაუბრა. ტრამპმა მას ცუდი შეთანხმება უწოდა და თქვა, რომ მისი პოლიტიკა, რომელიც წიაღისეულის მოპოვებას მხარს უჭერს, აშშ-ის ენერგეტიკის მხრივ სუპერძალად აქცევს.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ შეთანხმებას იმ შემთხვევაში დატოვებდა, თუ მისი გაუმჯობესება ვერ მოხერხდებოდა, თუმცა დიპლომატიური წყაროები მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების მცდელობა არ ყოფილა.

შეთანხმების მიხედვით აშშ-ს გამონაბოლქვის რაოდენობა 2025 წლამდე 28%-ით უნდა შეემცირებინა.

ტრამპის ადმინისტრაცია უკვე მუშაობს ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ქვანახშირის წარმოების ფასების შემცირებაზე.

პარიზის შეთანხმება ითვალისწინებს გლობალური ტემპერატურის შენარჩუნებას პრეინდუსტრიულ მაჩვენებელზე არაუმეტეს 2 გრადუსისა, რადგან მეცნიერების აზრით, ამ ნიშნულიზე მაღალი მაჩვენებელი პლანეტის ეკოსისტემის განადგურებას გამოიწვევს.

კომენტარები