აშშ-ს არჩევნები 2020

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან, ლიდერობს ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი / დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან. ამ დროისათვის ლიდერობს ჯო ბაიდენი, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობის შტატებში ხმები ჯერ არ არის დათვლილი.

ბაიდენმა დელავერში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ არჩევნები დასრულებული არ არის, სანამ ყველა ხმა არ დაითვლება, თუმცა მიაჩნია, რომ გამარჯვების გზაზე არიან.

პარალელურად, დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ის იმარჯვებს, თუმცა ცდილობენ მას ეს გამარჯვება მოჰპარონ, რასაც ტვიტერმა შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გაფრთხილება გაუკეთა.

აშშ-ს პრეზიდენტს დეკემბერში საარჩევნო კოლეგია აირჩევს. სწორედ 3 ნოემბერს დათვლილი ხმებით გადაწყდება, რომელ შტატში გაიმარჯვებს ესა თუ ის კანდიდატი და კოლეგიაში რამდენი წევრის მოპოვებას შეძლებს მისი პარტია. ამ დროისათვის ჯო ბაიდენი 17 შტატში იმარჯვებს, მათ შორის, ნიუ ჰემფშირსა და ვირჯინიაში და კოლეგიაში ჯამში 209 ხმა ექნება. გამარჯვებისთვის მას 270 ხმა სჭირდება.

დონალდ ტრამპს ამ დროის მონაცემებით, 19 შტატი აქვს მოგებული, მათ შორის, ოჰაიო, საიდანაც კოლეგიაში 136 ხმას მიიღებს.

ჯერჯერობით, ბოლომდე არ არის დათვლილი ხმები გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მერყევ შტატებში, როგორებიცაა მიჩიგანი, ფლორიდა, ჯორჯია, არიზონა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია, ვისკონსინი, მინესოტა, ნევადა, აიოვა და ტეხასი.

განახლებადი მონაცემები შეგიძლიათ, ნახოთ აქ.

საარჩევნო კოლეგიის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში - როგორია აშშ-ს საარჩევნო სისტემა და რა შანსები აქვს ჯო ბაიდენს

კომენტარები