არჩევნები 2020

კობახიძე: დაუბალანსებელი ოქმების მიზეზი ადამიანური შეცდომაა, ყველა არჩევნებზე იყო

პარლამენტი

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის მტკიცებით, "დაუბალანსებელი ოქმების მიზეზი ადამიანური შეცდომაა". ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ტექნიკური ხარვეზი საარჩევნო ადმინისტრაციაში ზუსტდება.

"ოპოზიცია არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების ერთერთ მთავარ არგუმენტად იყენებს დაუბალანსებელ ოქმებს. განვმარტავთ, რომ დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ფიქსირდება. ამის მიზეზი ადამიანური შეცდომაა.

ამგვარი ხარვეზები ხშირად ჩვენი პარტიისა და კანდიდატების საზიანოდ ფიქსირდება. ყველა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ოქმებში ფიქსირდებოდა, ამჟამად ზუსტდება ადმინისტრაციაში, რაც არჩევნების პროცესში ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა". – ამბობს კობახიძე. 

სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა. ეს გულისხმობს ბიულეტენების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე. ISFED-ის შეფასებით, ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ორგანიზაციის ცნობით, შედეგებზე შესაძლო გავლენა, დაახლოებით, 4%-ია. ISFED-ი წერს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა დათვალოს შედეგები იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა.

გარდა ამისა, სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებით ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით კი - 48.15%.

კომენტარები