არჩევნები 2020

ევროპული საქართველო უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა მე-2 ტურებში

ტაბულა

ევროპული საქართველო უარს ამბობს, შევიდეს პარლამენტში და უარს ამბობს მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურებში, სადაც მათი ორი კანდიდატი, შალვა შავგულიძე და ელენე ხოშტარია გადავიდა. პარტიის ლიდერების თქმით, არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია. 

"არჩევნები, სადაც სრული სიმძლავრით მუშაობდა ორკესტრირებული გაყალბებული სისტემის მანქანა, არჩევნები, რომლის გაყალბებაშიც ჩართული იყო ერთად პარტიული სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურები. არჩევნები, სადაც ადამიანებს აშინებენ კრიმინალები, სუსი და ადგილობრივი ხელისუფლება პოლიციის სრული უმოქმედობის ფონზე, ვერ ჩაითვლება თავისუფალ არჩევნებად. არჩევნები, სადაც არის ამომრჩევლის მოსყიდვა და ასეულობით ხელით გადაკეთებული ოქმი, ვერ ჩაითვლება სამართლიან არჩევნებად.

ამიტომ, ჩვენი შეფასება არის აბსოლუტურად მკაფიო, ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება". – თქვა დავით ბაქრაძემ. 

ევროპული ასქართველოს ლიდერის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ არის რიგითი პროტესტი და რიგითი ბოიკოტი, ვინაიდან მათი პარტია ყოველთვის მხარს უჭერდა არჩევნებში მონაწილეობასა და პარლამენტში აქტიურობას, მაგრამ მისივე განმარტებით, დღეს საქმე აქვთ სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან. 

პარტიამ სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიმართა და იმედი დაიტოვა, რომ მათგანაც მალე მოისმენენ სამოქმედო გეგმას. 

დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. თუმცა, შევლენ თუ არა პარლამენტში, ამაზე შიდაპარტიული დისკუსიები ამ დრომდე გრძელდება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები