არჩევნები 2020

სირაძე: გლდანში 5 პირი დავაკავეთ – ჩემი ინფორმაციით, გასროლის ფაქტი არ ყოფილა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, გლდანის საარჩევნო ოლქში მომხდარ ინციდენტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა. მისივე თქმით, მას გასროლის ფაქტზე ინფორმაცია არ აქვს.

"ადგილზე მოხდა ინციდენტი, მხარეებს შორის იყო დაპირისპირება, გავერკვევით სიტუაციაში ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, პირველადი ინფორმაციით, ფაქტზე დავაკავეთ 5 პიროვნება, ეს პირები არიან ადმინისტრაციული წესით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისათვის და წვრილმანი ხულიგნობისათვის დაკავებულები.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უბანზე იარაღით გასროლის ფაქტი არ ყოფილა". – თქვა ვაჟა სირაძემ.

ენმ-ძალა ერთობაშიას სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, გლდანში საარჩევნო უბანზე გასროლა მოხდა.

გლდანის საარჩევნო ოლქში ამ დრომდე დაძაბული სიტუაციაა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები. გავრცელებული ინფორმაციით აქტივისტები დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებსაც.

ყველა საარჩევნო სიახლეს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები