არჩევნები 2020

კაპანაძე: უბნებთან ფულს არიგებენ, გორში აგიტატორმა ამომრჩეველს თანხა კონვერტით მისცა

"ისევ ფიქსირდება სერიოზული ტიპის დარღვევები" - ამის შესახებ ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხუთ ოლქში რეგისტრატორებმა ამომრჩევლებს დაურიგეს ისეთი ბიულეტენები, სადაც მოხეული იყო ევროპული საქართველოს ნომერი. ასევე, კაპანაძე ამბობს, რომ გრძელდება ფულის დარიგება. მისივე ინფორმაციით, ირღვევა ხმის მიცემის ფარულობა და ქართული ოცნების აგიტატორები ამომრჩეველს აღრიცხავენ.

"ამ საათებში წყდება ივანიშვილის ყოფნა-არყოფნის ამბავი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ივანიშვილის პარტია ვერ ლახავს 40%-იან ბარიერს, ოღონდ ისინი აპირებენ, მათი ამომრჩევლები ბოლომდე მიიყვანონ.

რაც უფრო მეტი ადამიანი მივა, რაც უფრო მეტი ადამიანი შემოხაზავს ევროპულ საქართველოს, მით უფრო მეტი შანსი იქნება, რომ დამარცხდეს ივანიშვილი. ვიმეორებ მოწოდებას, რომ ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე.

რაც შეეხება დარღვევებს, ისევ ფიქსირდება სერიოზული ტიპის დარღვევები. ერთ-ერთი ასეთი დარღვევა არის უკვე 5-6 ოლქში გამოვლენილი დარღვევის სახე, როდესაც ბიულეტენები, რომლებიც ურიგდება ამომრჩეველს, დასტიდან მოხევისას არის 2 ნომრის გარეშე, ანუ უკვე 100-ზე მეტია ასეთი ტიპის ბიულეტენების რაოდენობა და ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა ასეთი ბიულეტენი დათვლის დროს გაბათილდეს. 

გარდა ამისა, გრძელდება ფულის დარიგება უბნების წინ, ჩვენ გვაქვს მასალა, სადაც ეს არის აღბეჭდილი, მაგალითად გორში, პირველ უბანზე, აგიტატორი აძლევს კონვერტს, რომელშიც ფულია და ამას აძლევს ამომრჩეველს.

არის ასევე ისეთი შემთხვევები, როდესაც ბიულეტენები უბრალოდ ყრია, ეს არის სოფელი ინგირი, 46-ე საარჩევნო უბანი და გახნილ მდგომარეობაში მყოფი ბიულეტენები არის სერიოზული დარღვევა.

გვაქვს ასევე შემთხვევები, როდესაც რეგისტრატორები ძალით არ ურტყამენ ბეჭდებს ბიულეტენებს, ხოლო ასეთი ბიულეტენი ითვლება გაბათილებულად. არის ეჭვი, რომ ქართული ოცნების რეგისტრატორები ამას არ აკეთებენ იმისთვის, რომ არ ჩაითვალოს ოპოზიციური ხმები. ეს ხდება სამგორში, 69-ე უბანზე" - აცხადებს სერგი კაპანაძე.

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმითვე, ვანში, 24-ე უბანზე, საარჩევნო კაბინასთან პირი კარნახობს, თუ ვინ უნდა შემოხაზოს. 

"იკვეთება სურათი, ევროპული საქართველოს მიმართ აქვთ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ ბიულეტენები მასიურად ისე დაარიგონ, რომელზეც 2 ნომერი არ იქნება დართული, შიგნით არიან განლაგებული ქართული ოცნების კოორდინატორები, მათ შორის საჯარო მოხელეები, რომლებიც პირდაპირ უყურებენ, ვინ რას ხაზავს და  აკონტროლებენ ამომრჩეველს, გარეთ დგანან და აღრიცხავენ ამომრჩეველს და ურიგებენ ფულს. ეს, ბუნებრივია, ახდენს გავლენას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე, ამიტომ მოვუწოდებ ამომრჩევლებს, რომ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, რათა საბოლოოდ ჩაცემენტდეს ქართული ოცნების მარცხი.“ - განაცხადა კაპანაძემ.

ყველა საარჩევნო სიახლეს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები