არჩევნები 2020

TI: მარნეულში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ენმ-ს წევრს გადაღება შეუზღუდა და ხელი კრა

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, 11:30-ის მდგომარეობით, არჩევნებზე დამკვირვებლისთვის უფლების შეზღუდვის, საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობის, სიტყვიერი დაპირისპირების, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ასევე, არაუფლებამოსილი პირების ყოფნის ფაქტები აღირიცხა.

დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვა

  • დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე უბანზე შესვლის პრობლემა შეექმნათ  „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებს მარნეულის ორ (უბანი #13.22.65 და #13.22.36) და კრწანისის ორ  საარჩევნო უბანზე (უბანი #01.04.19 და #01.04.25). გარკვეული დროით დამკვირვებლების უბნის გარეთ დაყოვნების შემდეგ  დამკვირვებლები საარჩევნო უბანზე შეუშვეს.  
  • მარნეულის #13.22.65 უბანზე დამკვირვებელს არ უშვებდნენ დილის 07:08 წუთზე. საუბნო საარჩევნო  კომისიის წევრების განმარტებით, დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე 08:00 საათამდე ვერ შევიდოდა. დამკვირვებელი უბანზე 07:14 წუთზე დაუშვეს, მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დარეკა. 
  • მარნეულის #13.22.36 უბანზე დამკვირვებელს არ უშვებდნენ დილის 07:00 საათზე, ვინაიდან კომისიის წევრებმა ვერ შეძლეს თერმომეტრის აპარატის მოხმარება. მას შემდეგ, რაც დამკვირვებელი დაეხმარა მათ აპარატის მოხმარებაში, დამკვირვებელი შეუშვეს საარჩევნო უბანზე.  
  • ახალქალაქის #18.40.61 უბანზე დამკვირვებელი არ შეუშვეს იმ არგუმენტით, რომ ის არ იყო ამ უბნის დამკვირვებელი. მრავალეროვანი საქართველოს მობილური ჯგუფის მისვლის შემდეგ დამკვირვებელი შეუშვეს უბანზე.
  • კრწანისის #01.04.25 უბანზე დამკვირვებლები არ შეუშვეს დილის 07:00 საათზე. საუბნო საარჩევნო კომისიის განმარტებით, დამკვირვებლებს მხოლოდ 08:00 საათზე შეუშვებდნენ. საუბნო საარჩვნო კომისიამ უბნის კარი ჩაკეტა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა საარჩევნო უბანზე შესვლა დილის 08:00 საათის შემდეგ შეძლო.
  • კრწანისის #01.04.19  უბანზე დამკვირვებელს არ უშვებნენ. საოლქო საარჩევნო კომისიიდან განხორციელებული ზარის შემდეგ "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე შეუშვეს.   
  • მარნეულის #13.22.70 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიამ მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელს მიუთითა, რომ საარჩევნო უბანზე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა და ერთი კონკრეტული ადგილიდან უნდა დაკვირვებოდა კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას. მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის მიუთითეს, დარღვევა აღმოიფხვრა.

საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობა 

  • ნინოწმინდის #18.41.34 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მიღება 08:23 საათზე შეძლეს, ვინაიდან საარჩევნო უბანზე არ ჰქონდათ საკონტროლო ფურცელი. მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბანზე მიიტანეს საკონტროლო ფურცელი, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მიიღეს და კენჭისყრის პროცესი დაიწყო. 
  • მარნეულის #13.22.65 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მიღება 08:22 საათზე შეძლეს, ვინაიდან დამკვირვებლის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა საკონტროლო ფურცლის შევსება და საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გამოსავლენად წილისყრის ჩატარება არ იცოდნენ. ამ საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი მას შემდეგ შეავსეს და წილისყრა ჩაატარეს, რაც საუბნო საარჩევნო კომისიაში დასახმარებლად ცესკოს წარმომადგენელი მივიდა. 
  • მარნეულის #13.22.80 უბანზე საარჩევნო კაბინები მოწყობილი არ არის სათანადოდ. კერძოდ, ფარული კენჭისყრის კაბინაში ამომრჩევლის შესასვლელი ერთი მხრიდან გახსნილი არ არის და გახსნილი მხარე მიმართული არ არის კენჭისყრის შენობის კედლისკენ იმგავარად, რომ  არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, თანახმად ცესკოს #38-ე დადგენილების პირველი მუხლის ი) ქვეპუნქტისა.
  • ისნის #04.05.02 საარჩევნო უბანი არასათანადოდ იყო მოწყობილი. ფარული კენჭისყრის კაბინების უკან იყო ცალკე კარი, რომლითაც ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე შესვლა შეეძლოთ მარკირების გარეშე. დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, ხარვეზი აღმოიფხვრა, კაბინები გადაადგილეს.   

სიტყვიერი დაპირისპირება 

  • მარნეულის #13.22.71 უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და საარჩევნო კომისიის წევრს შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. თავმჯდომარემ კომისიის წევრს გადაღების უფლება შეუზღუდა და ხელი ჰკრა, როდესაც ის წილისყრის პროცედურის მობილური ტელეფონიდან გადაღებას ცდილობდა. 

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

  • ყვარლის #10.16.12 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ერთ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანდასწრებით დააფიქსირა ისე, რომ ის ფარული კენჭისყრის კაბინაში არ შესულა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ ამომრჩეველი ფარული კენჭისყრის კაბინაში შევიდა და მეორე ბიულეტენზე არჩევანი კაბინაში გააკეთა.


სადემონსტრაციო ოქმის არშევსება

  • ნინოწმინდის #18.41.28 უბანზე კომისიის მდივანი არ ავსებდა სადემონსტრაციო ოქმს  და არ შეჰქონდა სადემონსტაციო ოქმში ამომრჩევლების ერთიან სიაში ამომრჩევლების რაოდენობა.  კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ  ამ მონაცემებს სადემონსტრაციო ოქმში დღის ბოლოს შეიტანდა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა მიუთითა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ამის შესახებ, თუმცა მან რეაგირება არ მოახდინად. დამკვირვებელმა შენიშვნა დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში. 

თერმოსკრინინგის ჩატარების წესი

  • ახალქალაქის #13.40. 67  უბანზე თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდა საარჩევნო უბანზე ყოფლის უფლებამოსილების მქონე ორ პირს. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მითითების შემდეგ ორივე პირს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა.   
  • მარნეულის #13.22.65 უბანზე ამომრჩევლებს თერმოსკრინინგს უტარებდნენ. ტემპერატურა 7-8 ამომრჩეველს შეუმოწმეს. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა. 

არაუფლებამოსილი პირის ყოფნა საარჩევნო უბანზე

  • მარნეულის #13.22.70 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, რომელსაც საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირველის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა. არაუფლებამოსილ პირს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.

საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვა

  • დმანისის #14.24.48 საარჩევნო უბნის სიახლოვეს დაუდგენელი პირები აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს მათ ხელთ არსებულ სიაში, თუმცა ისინი არ არღვევენ კანონით გათვალისწინებულ 25 მეტრიან პერიმეტრის მოთხოვნას.
  • აღსანიშნავია ახალციხის შემთხვევა, სადაც საარჩევნო ყუთის მეთვალყურე ყველა ამომრჩეველს სთხოვდა ეჩვენებინა ბიულეტენები, რითაც ხშირად ირღვეოდა კენჭისყრის ფარულობა. რამოდენიმე უბანზე სტაციონარული ვიდეო კამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა.  ასეთი უბნებია, დუშეთის #11.28.37, გორის #15.32.28

წილისყრის პროცედურის დარღვევა

ახალციხის #12.21.14, მარნეულის #13.22.85, დმანისის #14.24.46, ვაკის #02.02.31  უბნებზე კომისიის წევრების ფუნქციების გასანაწილებლად საჭირო წილისყრა საერთოდ არ ჩატარდა, ან ჩატარდა, მაგრამ წესების დარღვევით.

მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში 

  • ტენდენციის სახე ჰქონდა მედია ორგანიზაცია „ნიუპოსტის” წარმომადგენლების მიერ საარჩევნო უბნის შიგნით ყველა ამომრჩევლისთვის ფოტოს გადაღებას და სპეციალური პროგრამის მეშვეობით მათ გაგზავნას. 

საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნა

  • ნაძალადევის #06.07.07, ქუთაისის #23.59.122 და ბათუმის #28.79.14 და წყალტუბოს #22.58.30 უბნები დაგვიანებით გაიხსნა. 

არაუფლებამოსილი პირების უბანზე ან უბნის სიახლოვეს ყოფნა

  • დილას გარდაბნის #12.21.14 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ პირები სამკერდე ნიშნის გარეშე, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, რაზეც კომისიის თავმჯდომარე არ რეაგირებდა. მოგვიანებით, ამ პირებმა გაიკეთეს სამკერდე ნიშნები. 

კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა 

  • მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახე ჰქონდა „კოვიდინფექციის” გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული ნორმების დარღვევას. ბევრ უბანზე კომისიის წევრებს არ ეკეთათ დამცავი ფარი, ხშირ შემთხვევაში ვერ ხდებოდა დისტანციის დაცვა, ირღვეოდა პირბადის ტარების წესები. 

საჩივრის ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემები

  • დმანისის #14.24.46 უბანზე კომისიის მდივანი არ იბარებდა ჩვენი დამკვირვებლის საჩივარს. საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ, პრობლემა აღმოიფხვრა. 

მარკირების გარეშე ხმის მიცემა

  • დუშეთის #11.28.01 და ახმეტის #10.18.04 უბნებზე ადგილი ქონდა მარკირების გარეშე ხმის მიცემას.

აგიტაცია საარჩევნო უბანზე 

თეთრიწყაროს #14.26.10 უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის შემთხვევა. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 100-მდე მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

ველა საარჩევნო სიახლეს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები