ალექსეი ნავალნის მოწამვლა

ნავალნი: რუსი მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციები ჩემთან არ არის დაკავშირებული

ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ევროკავშირის მიერ რუსი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა. 29 ოქტომბერს ნავალნი ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ პირველად ჩაერთო პირდაპირ ეთერში Youtube-არხზე ნავალნი LIVE. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ სანქციები მასთან არ არის დაკავშირებული.

"სანქციები, რომლებიც ახალა დაწესდა, ჩემთან არ არის დაკავშირებული. ისინი დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთი არღვევს შეთანხმებებს, რომლებსაც თავად აწერს ხელს, აწარმოებს ქიმიურ იარაღს. ვინც არ უნდა მოეწამლათ, მათ [სანქციებს] გამოიყენებდნენ" – თქვა ნავალნიმ.

ევროკავშირმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის, სანქციები დაუწესა რუსეთის ექვს მაღალჩინოსანს, ქიმიური კვლევის ცენტრს,და ორგანული ქიმიის და ტექნოლოგიის რუსეთის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტს.

ალექსეი ნავალნი ამ დრომდე გერმანიაში იმყოფება. გერმანიაში ნალავნი მოწამვლის შემდეგ სამკურნალოდ გადაიყვანეს.ნავალნი 20 აგვისტოს შეუძლოდ გახდა თვითმფრინავში ტომსკი-მოსკოვის რეისზე. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა, დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

 

კომენტარები