არჩევნები 2020

ბოკერია წულუკიანზე: ეს არის იმ აბსურდის გაგრძელება, რაც ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო/Facebook

"ეს არის გაგრძელება იმ აბსურდის ნიაღვრის, რაც ივანიშვილს და ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ". – ასე შეაფასა ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარმა კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ, ქართული ოცნების სიის მეოთხე ნომრის, თეა წულუკიანის ბრალდებები. კერძოდ, იუსტიციის ყოფილი მინისტრის მტკიცებით, ოპოზიციური სპექტრი და "მისი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები" შეეცდებიან, შექმნან ცრუ ინფორმაცია არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში, "თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ვერ გაართვა თავი". ამის დასტურად თეა წულუკიანს სადამკვირვებლო ორგანიზაციები მოჰყავს, რომლებიც, მისი მტკიცებით, ოპოზიციასთან არიან აფილირებულნი.

გიგა ბოკერიას შეფასებით, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზაცია არის ავტორიტარული რეჟიმისა და პუტინის რეჟიმისთვის დამახასიათებელი მეთოდი.

"სხვადასხვანაირი სამოქალაქო ჯგუფი არსებობს, ზოგი მათგანი პოლიტიკური შეხედულებების მქონე არის, მაგრამ ჩვენ გვყავს ქვეყანაში მრავალწლიანი ტრადიციის სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან აფილირებული არცერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და იყვნენ კრიტიკულები წინა ხელისუფლების დროს, არიან კრიტიკულები ახლაც. 

ახლა ხდება მათი დემონიზება ტიპიური ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მეთოდებით ივანიშვილის მხრიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ლეგიტიმურად აკრიტიკებენ ამ მთავრობას სწორი პოზიციებიდან, ჩემი შეხედულებით და ამიტომ ხდება მათთვის ამ იარლიყის მიწებება.

უნდა განვასხვავოთ, სამართლიანი არჩევნები არ არის პარტიებთან აფილირებული ორგანიზაცია. ამ ტიპის ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები იქნება ბევრი საერთაშორისო მოთამაშისთვის მთავარი კრიტერიუმი და არა თვითონ პარტიები. ეს ყოველთვის ასე იყო და თუ ვნახავთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოდირის მიერ გაკეთებულ დასკვნას, იქ აღწერილი ვითარება არის უმძიმესი რამ, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ასეთი რთული დასკვნა შევარდნაძის დროის შემდეგ არ ჰქონია. 

ეს არის რეალობა და ამას პირველ რიგში ხედავს ჩვენი ხალხი, ყოველგვარი სადამკვირვებლო მისიების შეფასებების გარეშე". – განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ამიტომ უნდა მოხდეს ის ცვლილებები 4 დღეში, რაც ქვეყანას სჭირდება.

"ასეთი დისკურსი მთავრობისგან აღარ უნდა არსებობდეს ჩვენ ქვეყანაში და მათ შორის, ესეც შეიცვლება 4 დღეში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად". – თქვა ევროპული საქართველოს მაჟორიტარმა კანდიდატმა ფოთში, ხობსა და სენაკში.

კომენტარები