ევროპული საქართველო

კანდელაკი: "აფხაზთა კრებასთან " ერთად, Airbnb-სა და Booking-ის წინააღმდეგ სარჩელს შევიტანთ

ევროპული საქართველო, აფხაზთა კრებასთან ერთად, აპირებს, რომ ევროპულ და ამერიკულ სასამართლოებში უჩივლოს Airbnb-სა და Booking.com-ს. ამის შესახებ ბრიფინგი ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა გამართა. 

მისი თქმით, ეს კომპანიები დევნილთა სახლებს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ აქირავებენ. მათ წარადგინეს ონლაინ პლატფორმა, სადაც დევნილები რუკის საშუალებით ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ საკუთარ სახლებს იპოვიან, თუკი ის Airbnb-ზე ან Booking-ზე ქირავდება, ამის შემდეგ, მათ შეუძლიათ, მიმართონ აფხაზთა კრებას დახურული ფეისბუქ ჯგუფის საშუალებით.

"იმ საქმეს, რომელსაც უნდა აკეთებდეს სახელმწიფო, გავაკეთებთ ჩვენ და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ საკითხით დაკავდება მომავალი მთავრობა და ეს იქნება ევროპული საქართველოს და აფხაზთა კრების ერთერთი მთავარი პრიორიტეტი.

ონლაინ ინსტრუმენტით მოვახდინეთ ინტეგრირება Booking.com-ზე განთავსებული ყველა განცხადების, რომელთაგან უმრავლესობა ეკუთვნის ჩვენ დევნილებს, მოხდა ამ სახლების და ბინების ინტეგრირება გუგლის რუკაზე, რომელიც განთავსდება ჩემს Facebook გვერდზე და მსურს, მივმართო დევნილებს, შევიდნენ ამ რუკაზე, მოძებნონ რუკის მიხედვით საკუთარი სახლები, პოვნის შემდეგ, სახლის მფლობელი ან მათი შთამომავლები დაუკავშირდნენ აფხაზთა კრების მიერ შექმნილი დახურული ჯგუფის ადმინისტრაციას. 

ჩვენი ამოცანაა, დავაგროვოთ გარკვეული რაოდენობა ამ კონკრეტული ქონების და მათი მფლობელების ნუსხა შევადგინოთ, შემდეგ ჩვენი გეგმაა, შევიტანოთ ამ სახლების მფლობელთა სახელით სარჩელები booking-ისა და Airbnb-ის წინააღმდეგ ევროპულ და ამერიკულ სასამართლოებში". – ამბობს კანდელაკი.

კომენტარები