ტერორისტული აქტი ზუგდიდში

მელია: შთაბეჭდილება იქმნება, რომ ესებუა კი არ გარბის, შეიძლება ხელისუფლება გაურბოდეს მას

Nika Melia/Fb.com

გლდანის ოლქში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას შეფასებით, ვითარება, რომელიც ზუგდიდში საქართველოს ბანკის თავდასხმის საქმის ირგვლივ შეიქმნა, "ნორმალური არ არის". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თქმით, მას სახელისუფლებო შტოებთან კომუნიკაცია არ აქვს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ისინი დაბნეულები და ბოლომდე ჩამოშლილები არიან. 

"რასაც ამ თემასთან დაკავშირებით ვისმენდით, აქ სად ჩანს სახელმწიფოს ხელი? სად ჩანს სახელმწიფოს კვალი? ის, რომ სახელმწიფო არსებობს და ვიღაც რაღაც პროცესზეა პასუხისმგებელი? ისეთი შთაბეჭდილება იქმნება უკვე, რომ ესებუა კი არ გარბის, შეიძლება ესენი გაურბოდნენ მას". – თქვა ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში. 

დეპუტატობის კანდიდატის თქმით, კარგია, რომ უკვე რამდენიმე დღეში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რათა არჩევნების ეს ქაოსი და დემორალიზებული ხელისუფლება დასრულდეს . 

"ვცდილობ, გადავდო ჩემი პოლიტიკური პარტიული კუთვნილება და ისე შევაფასო ეს პროცესი, მაგრამ ეს ნორმალური არ არის. არ ჩანს, რომ აქაურობას, ამ ქვეყანას ჰყავს პატრონი". – თქვა ნიკა მელიამ. 

21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. როგორც მძევლები ყვებიან, დამნაშავე "კბილებამდე შეიარაღებული" იყო – მას ავტომატი, პისტოლეტი და ხელყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეკავა.

თავდამსხმელმა მოითხოვა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 მიეცათ და უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით მძევლებთან ერთად.

დაახლოებით 7 საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ, თავდამსხმელს ბანკში ფული მიუტანა და მძევლებს ჩაენაცვლა. გალდავასთან და კიდევ ორ მძევალთან ერთად თავდამსხმელმა ბანკის შენობა პოლიციის მანქანით დატოვა.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა და მიიმალა.

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა. უწყებამ გამოძიება ყაჩაღობის, მძევლად აყვანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

იმავე დღეს მთავარმა არხმა გაავრცელა ცნობა, რომ დამნაშავე ყოფილი სამხედრო, ბადრი ესებუაა. 26 ოქტომბერს შსს-მ ესებუას სახლი გაჩხრიკა, დაახლოებით, ერთ საათში კი საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ დაადასტურა დამნაშავის ვინაობა. ვლადიმერ ბორცვაძის ცნობით, შეიცვალა მუხლებიც და თავდასხმა ტერაქტად გადაკვალიფიცირდა.

თავდაცვის სამინისტროში ტაბულას უთხრეს, ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არაა. კითხვაზე, მსახურობდა თუ არა ის წარსულში საქართველოს არმიაში, უწყება არ გვპასუხობს. მთავარი არხის ცნობით კი, ესებუა ჯარში 2012-18 წლებში მსახურობდა.

ბადრი ესებუას ამ დრომდე ეძებენ.

კომენტარები