ტერორისტული აქტი ზუგდიდში

კობახიძე ბადრი ესებუაზე: გაგვექცა არასწორია, გაუშვეს იმ კონკრეტულ მომენტში

პარლამენტი

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ბანკში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა იმ კონკრეტულ მომენტში გაუშვეს და ის არ გაქცევიათ.

"[საქართველოს ბანკის მძარცველი] კი არ გაგვექცა, 43 მძევლის სიცოცხლე გადაარჩინა პოლიციამ. ეს არის რეალობა. გაგვექცა სხვა რამეა. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, მეორე დანაშაულის გახსნაც დასრულდა წარმატებით და ესეც არის შს სამინსიტროს ეფექტიანობის შედეგი. მესამე ფაზაც ძალიან მალე დასრულდება. გაგვექცა არასწორი სიტყვაა.

იმის გამო, რომ არცერთი ადამიანი არ დაღუპულიყო, სპეცოპერაცია ჩატარდა არსებული სახით, ოპერაცია გრძელდება და ეს პირი აუცილებლად იქნება დაკავებული. გაგვექცა არასწორია, გაუშვეს იმ კონკრეტულ მომენტში". – თქვა ირაკლი კობახიძემ PalitraNews-ის ეთერში.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი 21 ოქტომბერს შეიჭრა და ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. როგორც მძევლები ყვებიან, დამნაშავე "კბილებამდე შეიარაღებული" იყო – მას ავტომატი, პისტოლეტი და ხელყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეკავა.

თავდამსხმელმა მოითხოვა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 მიეცათ და უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით მძევლებთან ერთად.

დაახლოებით 7 საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ, თავდამსხმელს ბანკში ფული მიუტანა და მძევლებს ჩაენაცვლა. გალდავასთან და კიდევ ორ მძევალთან ერთად თავდამსხმელმა ბანკის შენობა პოლიციის მანქანით დატოვა.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა და მიიმალა.

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა. უწყებამ გამოძიება ყაჩაღობის, მძევლად აყვანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

იმავე დღეს მთავარმა არხმა გაავრცელა ცნობა, რომ დამნაშავე ყოფილი სამხედრო, ბადრი ესებუაა. 26 ოქტომბერს შსს-მ ესებუას სახლი გაჩხრიკა, დაახლოებით, ერთ საათში კი საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ დაადასტურა დამნაშავის ვინაობა. ვლადიმერ ბორცვაძის ცნობით, შეიცვალა მუხლებიც და თავდასხმა ტერაქტად გადაკვალიფიცირდა.

თავდაცვის სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არაა. კითხვაზე, მსახურობდა თუ არა ის წარსულში საქართველოს არმიაში, უწყება არ გვპასუხობს. მთავარი არხის ცნობით კი, ესებუა ჯარში 2012-18 წლებში მსახურობდა.

ბადრი ესებუას ამ დრომდე ეძებენ. 

კომენტარები