ტერორისტული აქტი ზუგდიდში

პრეზიდენტი ბადრი ესებუაზე: ერთი პირის გამო წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მაშინ, როცა ქვეყნის მთავარი პრიორიტეტებია კორონავირუსის შეკავება, ეკონომიკის გადარჩენა, ქვეყნის სტაბილურობის გამყარება და დემოკრატიული წინსვლის განმტკიცება, შეტევა მიმდინარეობს იმ ინსტიტუციებზე, რომლებსაც საზოგადოება ენდობა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ჯარი, პოლიცია და ჯანდაცვა. პრეზიდენტმა საგანგებო ვიდეომიმართვაში თქვა, რომ მისი მოვალეობაა "იმ სტრუქტურების და პიროვნებების დაცვა, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღე და მომავალი".

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, "ერთი პირის გამო წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე". პრეზიდენტი ზუგდიდში ტერორიზმში ბრალდებულის, ყოფილი სამხედროს, ბადრი ესებუას საქმეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "მიუღებელია დამაკნინებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე".

"მითუმეტეს ქვეყანაში, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ. ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს, ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს. როგორც თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი კატეგორიულად ვგმობ და დავგმობ ასეთ მცდელობებს, მინდა, ჩემი ნდობა, პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართულ ჯარს". – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, "სამართალდამცველების პროფესიონალიზმზე დამამცირებელი შეფასებები" ასევე ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება, რადგან საქართველო მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერით და რეპუტაციით სარგებლობს.

"ჩვენი სტრუქტურები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, არსებული თანამშრომლობის კითხვის ქვეშ დაყენება ჩვენი ქვეყნის და დასავლელი პარტნიორების ინტერესებს არ ემსახურება.

მინდა, კატეგორიულად დავგმო ის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც საზოგადოების თვალში ჩვენი სამართალდამცველების პროფესიონალიზმის შელახვას ემსახურება, საბოლოოდ კი, ძირს უთხრის შიდა სტაბილურობას. მინდა, მადლიერება გამოვხატო წარმატებული ოპერაციის ჩატარებისთვის, რომელმაც გადაარჩინა ყველა მძევლის სიცოცხლე და ამ ოპერაციის მეთაურს საჯაროდ ვუთხრა მადლობა". – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ არის. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

კომენტარები