ბელარუსი

ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება, მობილიზებულია უშიშროების ძალები

TASS

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დღეს იწურება ოპოზიციის მიერ ლუკაშენკოს მთავრობისათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა.

მობილიზებულია უშიშროების ძალები. ქალაქის ცენტრში მათ მეტალის ბარიერები აღმართეს. დაიხურა მეტროს სადგურების ნაწილი, შეიზღუდა წვდომა მობილურ ინტერნეტზე.

აქცია გაიმართა ქალაქ ლიდაშიც, სადაც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ სამშაბათს, 13 ოქტომბერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენა. ულტიმატუმის თანახმად, თუ 25 ოქტომბრამდე ალექსანდრ ლუკაშენკო არ გადადგება, არ შეწყდება დემონსტრანტებზე ძალადობა და არ გაათავისუფლებენ ყველა პოლიტპატიმარს, 26 ოქტომბრიდან ქვეყანაში მასობრივი გაფიცვა დაიწყება. ტიხანოვსკაიას თქმით, ეს სახალხო ულტიმატუმია.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები