ალექსეი ნავალნის მოწამვლა

პუტინი: პროკურატურას ვთხოვე, ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გაეშვა

ვლადიმირ პუტინი
AFP

რუსეთის პრეზიდენტმა ვალდიმირ პუტინმა თქვა, რომ პირადად იზრუნა იმაზე, რომ ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გაეშვათ გერმანიში.

"როგორც კი ამ მოქალაქის [ნავალნის] ცოლმა მომმართა, მაშინვე მივეცი პროკურატურას განკარგულება, შეემოწმებინათ, სამკურნალოდ მისი ქვეყნიდან გასვლის შესაძლებლობა, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება არც გაეშვათ, იმიტომ, რომ მას გარკვეული შეზღუდვები აქვს სასამართლო გამოძიების და სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ქვეყნიდან გასვლაზე ჰქონდა შეზღუდვა. მე მაშინვე ვთხოვე გენერალურ პროკურატურას, მიეცათ უფლება [ქვეყნის დატოვების]. ის წავიდა." - თქვა ვალდიმირ პუტინმა.

პუტინის თქმით, ნავალნი რომ რუსეთის ხელისუფლებას მოეწამლა, მას საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობას არ მისცემდნენ.

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მზადაა ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიებაში საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. პუტინმა აღნიშნა, რომ გერმანია უყურადღებოდ ტოვებს რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების მოთხოვნებს, მიიღოს საქმის დეტალები და ამის გამო, რუსულ მხარეს არ აქვს საკმარისი დეტალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის.

ნავალნის შტაბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ლეონიდ ვოლკოვმა აღნიშნა, რომ მსგავს განცხადებებს ლავროვი და პრიგოჟინი ზაფხულში აკეთებდნენ და ამ ორ თვეში პუტინს შეეძლო რამე უკეთესი მოეფიქრებინა.

ალექსეი ნავალნიმ თავის მოწამვლაში ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა.

"მე მჯერა, რომ პუტინი ამ დანაშაულის უკან დგას და მომხდარის შესახებ არ მაქვს სხვა ვერსია". - განაცხადა ნავალნიმ გერმანულ მედიასთან საუბრისას.

ნავალნი შეუძლოდ თვითმფრინავში 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე გახდა. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა, დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

კომენტარები