სპეცოპერაცია ზუგდიდში

ბოკერია "ოცნებაზე": ბოროტმოქმედს დანაშაული გაუვიდა, ესენი კი ბედავენ და ტალახს ისვრიან

ტაბულა

"ბოროტმოქმედს დანაშაული გაუვიდა, ესენი კი ბედავენ და ტალახს ისვრიან." - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების მიერ ოპოზიციის კრიტიკასა და სამთავრობო მედიის მიერ მძევლის დისკრედიტაციის მცდელობას.

"ეს არის კრიმინალურ სამყაროსთან შეკვრა, მათი გაძლიერება, პოლიციის დასუსტება. აი, ამაზეა საუბარი და ეს ხალხი ბედავს დღეს და ტალახს ისვრის, გუშინ კიდევ მძევლის დემონიზებას ახდენდნენ, იმის ნაცვლად, რომ შეშფოთებულები იყვნენ თვითონ ამ ფაქტით, რომ ასეთი თავხედური და ამაზრზენი დანაშაული ჯერჯერობით წარმატებით გაუვიდა ბოროტმოქმედს. 

როდესაც ხარ მთავრობაში, ამით უნდა იყო შეწუხებული და ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ ტალახის ამ აგორებულ, აბსურდულ კამპანიას, როგორც ყოველთვის აკეთებს ივანიშვილი. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება, უნდა მოვიტანოთ ცვლილებები ქვეყანაში, უნდა ვიაროთ წინ. დიახ, კრიმინალთან უნდა იყოს მკაცრი ბრძოლა და არა პოლიტიკური შეთანხმება, ოღონდ წარსულში არ უნდა დავბრუნდეთ, როგორც ჩვენ პოლიტიკურ კონკურენტს ოპოზიციაში, სააკშვილს სურს. უნდა წავიდეთ წინ." - ამბობს გიგა ბოკერია.  

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, დღესაც "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და მათი მედიასაშუალებების არაჯანსაღ საქციელზე" ილაპარაკა.  

საქართველოს ბანკზე თავდასხმისას კი სამთავრობო მედია მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას დისკრედიტაციას ცდილობდა. მედიამ აქცენტი მძევლის ვინაობაზე და მის პოლიტიკურ სიმპათიებზე გადაიტანა. იმის შესახებ, რომ მძევლად მყოფი კვარაცხელია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია, ინფორმაცია თავდაპირველად პუტინისტური ორგანიზაცია ქართული მარშის წევრმა, გიორგი გაბედავამ გაავრცელა. სწორედ მასზე დაყრდნობით დაიწყო, ტვ იმედმა მძევლის დემონიზება.

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ყაჩაღთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

ყაჩაღი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა. 

მედიასთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ ყაჩაღის მიერ მოთხოვნილი თანხა საქართველოს ბანკმა გადაიხადა და "არავითარი თანხა არაა სიცოცხლის საფასური".

კომენტარები