სპეცოპერაცია ზუგდიდში

ბოკერია: პოლიტიკურ კლოუნს, კობახიძეს, არ ესმის, რომ ზუგდიდის ამბავი დანაშაულის წახალისებაა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ფაქტი, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებული არ არის, დანაშაულის წახალისებაა და ეს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასა და მის "პოლიტკურ კლოუნს", ირაკლი კობახიძეს არ ესმით.

"დღეს ვნახეთ განცხადებები, რომ თურმე ხელისუფლების ოპონენტებს სწყინთ, ვითომ, ევროპული საქართველო გაბრაზებული ვართ პოლიციის წარმატებულ ოპერაციაზე, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ამ პოლიტიკურ კლოუნს, კობახიძეს და ივანიშვილის სხვა სპიკერებს არ ესმით, რომ, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება მადლიერი ვართ ყველა პოლიციელის, ვინც თავის მოვალეობას ასრულებს და ის, რომ ადამიანების სიცოცხლე არ შეეწირა გუშინ, ეს არის კარგი.

მაგრამ, როგორ შეიძლება წარმატებაზე საუბარი, სანამ ბოროტმოქმედი, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდო, ფული წაიღო, მიმალულია, დაკავებული არ იქნება. ის, რომ ამ ადამიანს და ივანიშვილის გარემოცვას არ ესმით, რომ ასეთი ამბები არის წახალისება მომავალი დანაშაულის და მომავალში მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების, მიუხედავად იმისა, რომ ახლა, საბედნიეროდ, არავინ არ დაშავებულა, არის კატასტროფა." - ამბობს გიგა ბოკერია.  

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, დღესაც "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და მათი მედიასაშუალებების არაჯანსაღ საქციელზე" ილაპარაკა.  

"გუშინაც, სხვა მსგავსი შემთხვევების ანალოგიურად, ერთ მხარეს იდგნენ ხელისუფლება, გმირი პოლიციელები და მძევლების უვნებლად გათავისუფლებით დაინტერესებული ჩვენი თანამოქალაქეები, ხოლო მეორე მხარეს იდგნენ ბანკში შეჭრილი დამნაშავე, ექსტრემისტული ზრახვებით შეპყრობილი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები. არანაკლებ შემაშფოთებელია ამ ადამიანების დღევანდელი გაწბილებული კომენტარები 43-ვე მძევლის უვნებლად გათავისუფლებასთან დაკავშირებით." - თქვა კობახიძემ.

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ყაჩაღთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

ყაჩაღი ითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა. 

მედიასთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ ყაჩაღის მიერ მოთხოვნილი თანხა საქართველოს ბანკმა გადაიხადა და "არავითარი თანხა არაა სიცოცხლის საფასური".

კომენტარები