სპეცოპერაცია ზუგდიდში

უგულავა: სპეცოპერაცია წარმატებულია, როცა მძევლები გადარჩებიან და დამნაშავე დაკავებულია

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, შემაშფოთებელია საუბარი ხელისუფლების მხრიდან იმაზე, თითქოს გუშინ ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაცია წარმატებული იყო. 

უგულავას თქმით, სპეცოპერაცია წარმატებულია მაშინ, როცა ყველა მძევალი თავისუფალია, დამნაშავე კი დაპატიმრებული. 

"თავისთავად, ყველა მძევალი რომ თავისუფალი და უვნებელია, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ ჩვენ კვლავ ვხედავთ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ტრაბახს, გრძელვადიანი გეგმების დასახვას, თითქოს რაღაც მორიგ გამარჯვებას ზეიმობენ. 

სპეცოპერაცია წარმატებულია, როცა მძევლები გადარჩებიან უვნებლად და დამნაშავე არის დაპატიმრებული და დამნაშავისთვის წარმატებულია ესა თუ ის დანაშაული, როცა ასევე, მძევლები არიან უვნებელი, მაგრამ საწადელი აიხდინა და ფული წაიღო, ამიტომ საუბარი რაღაც წარმატებებზე რბილად რომ ვთქვათ, უსინდისობაა, მაგრამ უფრო ღრმად თუ ჩავუღრმავდებით სრული არაადეკვატურობის მაჩვენებელია". - ამბობს უგულავა. 

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. შსს-ს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, სამინისტროსთვის უმთავრესი ამოცანა იყო, რომ არავინ დაშავებულიყო და ამისთვის ყველაფერი გააკეთეს. 

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.  

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც დამნაშავესთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.  

ყაჩაღი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველყოფილიყო მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. 

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.  

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი  გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა. 

რა ვიცით სპეცოპერაციაზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები