სპეცოპერაცია ზუგდიდში

კაპანაძე: "ოცნებას" მძევალიც კი რომელიღაც ბანაკის ნაწილად მიაჩნია, ძალიან სახიფათოა

სერგი კაპანაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე სამთავრობო მედიის მიერ გუშინ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში აყვანილი ერთ-ერთი მძევლის დისკრედიტაციის მცდელობას ეხმაურება. 

კაპანაძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებას მძევალიც კი რომელიღაც ბანაკის წევრად მიაჩნია, რაც, მისივე თქმით, სახიფათოა. 

"ხელისუფლებამ პოლიტიკური აფილაციები შემოიტანა ისეთ თემაში, სადაც პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში იმდენად მოახდინა ხელისუფლებამ დაყოფა თავისიანებად და სხვისიანებად, რომ მძევალიც კი მიაჩნია რომელიღაცა ბანაკის ნაწილად და ეს არის ძალიან სახიფათო, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა მომავალში ზოგადად, ეს არის ის პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას, რადგან ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასე დაყოფილები ვიყოთ. 31 ოქტომბერს ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს." - ამბობს კაპანაძე. 

რაც შეეხება ქართული ოცნების წევრების მიერ მედიის კრიტიკას, კაპანაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილი მედიის მიმართ აგრესიას ვერ მალავს, "მაშინაც კი, როცა ეს მედია აკეთებს თავის საქმეს და მისი საქმე ყველა მოვლენის მაქსიმალურად გაშუქებაა."

"პასუხისმგებლობა არის თვითონ ხელისუფლებაზე, რომელსაც თუ მიაჩნია, რომ ოპერატიული მიზნებიდან გამომდინარე რაიმე შეზღუდვები უნდა იყოს დაწესებული, რომ პასუხისმგებლობა მასზეა, რომ შეზღუდვები დააწესოს და არა მედიაზე." - ამბობს კაპანაძე. 

გუშინ, 21 ოქტომბერს, საქართველოს ბანკზე თავდასხმისას სამთავრობო მედია მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას დისკრედიტაციას ცდილობდა. მედიამ აქცენტი მძევლის ვინაობაზე და მის პოლიტიკურ სიმპათიებზე გადაიტანა. იმის შესახებ, რომ მძევლად მყოფი კვარაცხელია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია, ინფორმაცია თავდაპირველად პუტინისტური ორგანიზაცია ქართული მარშის წევრმა, გიორგი გაბედავამ გაავრცელა. სწორედ მასზე დაყრდნობით დაიწყო, ტვ იმედმა მძევლის დემონიზება .  

მედიას აქტიურად აკრიტიკებდნენ მმართველ პარტიაშიც - "ოცნების" აღმსრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე მედიებს "გლავკანალსა" და "პერვი კანალს" უწოდებდა.   

ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ 1%-ს და 10%-ს იმასაც უშვებს, "რომ კვარაცხელიას ბანკში ყოფნა დამთხვევა იყოს."  

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლად აიყვანა.  

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც დამნაშავესთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.  

ყაჩაღი ითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის 500 000 დოლარი გადაეცათ, ასევე, უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. 

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.  

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელი გაიქცა, მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი კი გაათავისუფლა.  

რა ვიცით სპეცოპერაციაზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები