ახალი კორონავირუსი საქართველოში

გოგიტიძე: პირებთან, რომლებსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ, სასწრაფო ოპერატიულად მიდის

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი, ამირან გოგიტიძე ამბობს, რომ გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებთან სასწრაფო დახმარების ჯგუფები ოპერატიულად მიდიან და მათი მხრიდან რეაგირება დაუყონებლივ ხდება. ამის შესახებ გოგიტიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე განმარტებით, პაციენტებთან, რომლებსაც არ ესაჭიროებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, შესაძლოა, გარკვეული დაყოვნებით მოხდეს რეაგირება.

"როდესაც ხორციელდება ზარი გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე, 112-ზე, ხდება ზარების პრიორიტეტიზაციის მიხედვით დაყოფა. გარკვეული ჯგუფის პაციენტები თავშივე ხვდებიან ოჯახის ექიმთან შემდგომი მეთვალყურეობის მიზნით და მკურნალობის პერიოდს გადის ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო გარკვეული ჯგუფის პაციენტები მისამართდებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართულებით, სადაც ასევე, ხორციელდება შემდგომი ტრიაჟი". – თქვა ამირან გოგიტიძემ.

გოგიტიძის ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად 3 000 გამოძახებას ასრულებენ. ბოლო 24 საათში კი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სულ 210 პაციენტი გადაიყვანეს კლინიკებში. ასევე, ბინიდან ცხელების ცენტრში 270 პაციენტი გადავიდა, კლინიკიდან კარანტინში 69 პირი მოთავსება, ბინიდან კარანტინში 43 პაციენტი, ხოლო ცხელების ცენტრიდან კოვიდ-კლინიკაში 37 პაციენტი გადაიყვანეს. ასევე, კარანტინიდან კლინიკაში გადაიყვანეს 18 პაციენტი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ მეორადი ტრიაჟის შედეგად, ოჯახის ექიმთან ასევე გადამისამართდა 92 შემთხვევა.

ამირან გოგიტიძემ ბრიფინგზე მედპერსონალის ინფიცირების ფაქტებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, გუშინდელი დღის მონაცემებით, თბილისში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების 10 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 36.

"მინდა აღვნიშნო, რომ სამედიცინო პერსონალი ქვეყნის მასშტაბით გვყავს, დაახლოებით, 4 200 ადამიანი, ხოლო 36 ინფიცირებული ადამიანი, რა თქმა უნდა, არ გამოიწვევს გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდების შეფერხებას. კიდევ ერთხელ მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა ამ კუთხით და ვთქვა, რომ გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდებას ქვეყნის მასშტაბით არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ჩვეულ რეჟიმში სამედიცინო ბრიგადები აგრძელებენ 24 საათიან რეჟიმში მუშაობას". – ამბობს გოგიტიძე.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად, ქვეყანაში მოსახლეობას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 332 ეკიპაჟი ემსახურება.

_______________________________________________________________________________________

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 14 პაციენტი, მათ შორის 7 ბათუმში. სულ ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID 19-ს 172 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

21 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 – გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, იმერეთსა და უკვე მცხეთაშიც, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები