კორონავირუსი საქართველოში

შსს-მ ბარ Fellers-ის წინააღმდეგ, რომელიც პოლიტიკური პარტიის შტაბია, გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შპს ათონელის კუთვნილ ობიექტსა და ბარ FELLERS-ის წინააღმდეგ, იზოლაციისა ან კარანტინის წესის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო. ამის შესახებ უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. 

მათივე ცნობით, აღნიშნული კვების ობიექტები 22:00 საათის შემდეგ განაგრძობდნენ ეკონომიკურ საქმიანობას. ობიექტების წამომადგენლების განცხადებით კი, ორივე ბარი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო. 

"გამოვლენილი დანაშაული ფიზიკური პირის შემთხვევაში - სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა იმ ბარების მეპატრონეები, რომლებიც გირჩის შტაბებად გადაკეთდა, პოლიციაში უკვე დაიბარეს. 

16 ოქტომბრიდან, თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდა. 

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში COVID-19-ის 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 278 და გარდაიცვალა 7 პაციენტი. 

საქართველოში სულ კორონავირუსის 10 325 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები