ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადაგვყავს პაციენტები მართვით სუნთქვაზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის პროტოკოლით რეკომენდებული არაა და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადაჰყავთ კოვიდ-ინფიცირებული პირები მართვით სუნთქვაზე. ტიკარაძის ცნობით, დღესდღეობით, საქართველოში 34 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტია, რომელიც სასუნთქ აპარატზეა შეერთებული.

"ზოგადად, კოვიდის პროტოკოლით, არაა რეკომენდებული და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადაგვყავს პაციენტები მართვით სუნთქვაზე". – ამბობს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში სასუნთქი აპარატების საკმარისი მარაგია, – "სასუნთქი აპარატები საკმარისი იყო, ჯერ კიდევ თებერვალში. სახელმწიფომ მაინც შეისყიდა უახლესი აპარატები, რომლებიც მეტად ეფექტურად მართავენ კოვიდს. ჩვენ უკვე 100-ზე მეტი აპარატი გვაქვს შეძენილი, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილებულია იმ კლინიკებში, სადაც მძიმე პაციენტები იმართებიან".

დღეს, 19 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 469 თბილისში გამოვლინდა , 360 – აჭარაში, იმერეთში – 99, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 15, სამეგრელო ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 46, გურიაში – 25, მცხეთა მთიანეთში – 14, სამცხე ჯავახეთში – 7. 

ქვეყანაში სულ 10 325 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები