ახალი კორონავირუსი საქართველოში

ქართული ოცნების დეპუტატ ნინო წილოსანს COVID-19 დაუდასტურდა

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატ ნინო წილოსანს COVID-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ის საკუთარ Facebook გვერდზე წერს. წილოსანმა საზოგადოებას განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა.

"კოვიდ დადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა...

ახლა ყველაზე მეტად ჩემს ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი, ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია...

კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს". – წერს ნინო წილოსანი.

19 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 278 და გარდაიცვალა 7 პაციენტი. 

ქვეყანაში სულ 10 325 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები