ახალი კორონავირუსი საქართველოში

თსსუ-ში პრაქტიკული მეცადინეობების გარდა სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

19 ოქტომბრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება, გამონაკლისია ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები, რომლებიც არადისტანციურ რეჟიმში ჩატარდება. ინფორმაციას სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელბს.

უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სწავლის ჰიბრიდულ ფორმას აანონსებს:

  • COVID-კლინიკებში დისლოცირებულ სასწავლო დეპარტამენტებში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში.
  • სალექციო კურსები და უახლოეს კვირებში დანიშნული გამოცდები ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში.
  • ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება არადისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დაცვით.

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავდნენ. სტუდენტებს მიაჩნდათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების ფონზე აუდიტორიებში სწავლის განახლება დაუშვებელია.

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირების ყველაზე მეტი – 471 შემთხვევა სწორედ თბილისში გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 233 და გარდაიცვალა 9 პაციენტი.

სულ ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცრების 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 137 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები