აშშ-ჩინეთი

WSJ: პეკინი აშშ-ს ჩინეთში მყოფი ამერიკელების შესაძლო დაკავებაზე აფრთხილებს

VOA

ჩინეთის მთავრობამ ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ შესაძლოა, ჩინეთში მყოფი ამერიკელები დააკავოს აშშ-ს იურუდიული დეპარტამენტის მიერ ჩინეთის სამხედროებთან ასოცირებული აკადემიკოსების დევნის საპასუხოდ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Wall Street Journal-ი,  ამ საქმეში გათვითცნობიერებულ პირებზე დაყრდნობით, ანონიმურად. 

წყაროების თქმით, ჩინელმა მაღალჩინოსნებმა აშშ-ს მთავრობის ოფიციალური პირებისთვის გამოსცეს არაერთი გაფრთხილება, სხვადასხვა არხით. 

გაზეთის ინფორმაციით, ჩინეთის გზავნილია, ამერიკამ დაასრულოს ჩინელი აკადემიკოსების დევნა აშშ-ს სასამართლოებში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ჩინეთში ამერიკელებს ჩინური კანონების დარღვევაში დასდონ ბრალი. 

ვაშინგტონში ჩინეთის მთავრობა კომენტარს არ აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ 12 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთში მყოფი და წამსვლელი ამერიკელები გააფრთხილა, რომ ჩინეთში მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან დაკავების და ქვეყნიდან წასვლის აკრძალვის გაზრდილი რისკი არსებობს.

ამის შემდეგ 14 სექტემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი გაფრთხილება გამოსცა ჩინეთში წამსვლელთათვის და განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა თვითნებურად აკავებს აშშ-ს მოქალაქეებსა და სხვებს, უკრძალავს მათ ქვეყნიდან გასვლას "საგარეო მთავრობებთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის ბერკეტის მოსაპოვებლად".

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს შპიონაჟში, ამერიკული ტექნოლოგიების, სამხედრო და სხვა ინფორმაციის მოპარვაში ადანაშაულებს. პეკინი ბრალდებებს უარყოფს. 

10 სექტემბერს აშშ-მ 1 000-ზე მეტ ჩინეთის მოქალაქეს ვიზა გაუუქმა უსაფრთხოების რისკების გამო ჩინელ სტუდენტებს და მკვლევრებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავენ.

აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა, ჩედ ვოლფმა, თქვა, რომ ვაშინგტონი ვიზებს უბლოკავს ჩინელი დამამთავრებელი კურის სტუდენტებისა და მკვლევართა ნაწილს, რომლებსაც კავშირი აქვთ ჩინეთის სამხედროებთან. ვიზების გაუქმების მიზანია აშშ-მ არ დაუშვას მათ მიერ კვლევის შედეგების მოპარვა.  

აშშ-ში მიესალმებიან იმ ჩინელ სტუდენტებს და მკვლევრებს, რომლებიც ქვეყანაში კანონიერად არიან. 

ასევე, აღსანიშნავია, რომ 13 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კონფუცის ინსტიტუტის აშშ-ს ცენტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო მისიად გამოაცხადა.

კომენტარები