ფაშინიანი: საკითხავია, დაუშვებს თუ არა მსოფლიო ახალი ჰიტლერის შექმნას აზიის ამ ნაწილში?

ნიკოლ ფაშინიანი

14 ოქტომბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, თურქეთის და აზერბაიჯანის გეგმა, ბლიცკრიგით აეღოთ მთიანი ყარაბაღის რეგიონი, ჩავარდა.

"მათი მოთხოვნა ასეთია: დაუყოვნებლივ ჩააბარეთ აზერბაიჯანს 7-დან 5 ტერიტორია, დანარჩენი ორი ტერიტორიის ჩაბარების დროში გაწერილი გეგმა წარმოადგინეთ და მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარეთ. ამასთანავე, ისინი ცხადად ამბობენ, რომ ტერიტორიების გადაცემას კავშირი არ აქვს ყარაბაღის სტატუსთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიების დათმობას გვთხოვენ არა სტატუსის, არამედ მშვიდობის სანაცვლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზერბაიჯანი იმუქრება, რომ საკითხს ომის გზით გადაჭრის. ჩვენი მთავრობა უარს ამბობს საკითხი ამგვარად განიხილოს, რადგან ეს ჩვენთვის მიუღებელია". – თქვა ფაშინიანმა.

მან ისაუბრა კონფლიქტში თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერაზე და თქვა, რომ თუ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში საკუთარ მიზანს მიაღწევს, ეს საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რეგიონს, არამედ სხვა ქვეყნებსაც:

"ზოგიერთი ქვეყანა, რომელსაც სტრატეგიული შემაკავებლის როლის თამაშის საშუალება აქვს, საფრთხეს ვერ აფასებს და საკითხს კვლავ ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში განიხილავს. მათ მიაჩნიათ, რომ სიტუაციიდან გამოსავალს ფორმულა - "ტერიტორიები მშვიდობის სანაცვლოდ" წარმოადგენს. ეს ძალიან ჰგავს 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებას, როდესაც ევროპის ქვეყნებმა ჩეხოსლოვაკია გერმანიას მშვიდობის სანაცვლოდ გადასცეს. ყველამ ვიცით, რა მოხდა შემდეგ. ახლა კითხვა შემდეგშია - დაუშვებს თუ არა მსოფლიო ახალი ჰიტლერის შექმნას, ამჯერად აზიის ამ ნაწილში?". – თქვა მან.

სომხეთის პრემიერმინისტრი მოსკოვში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს. 

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

სომხეთი თურქეთს აზერბაიჯანის ღიად დახმარებაში და იარაღის და სამხედრო ძალის მიწოდებაში ადანაშაულებს, მათ შორის საუბარია აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გაგზავნაზე, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.

კომენტარები