ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია გამოდის ინიციატივით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო სკოლების დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლების საკითხზე დროებით მორატორიუმი გამოცხადდეს.
როგორც ბაჩანა შენგელია Facebook-ის პოსტში წერს, მორატორიუმის გამოცხადების მიზანი ისაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სკოლის დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლების საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ. ბაჩანა შენგელია ამ ინიციატივით ყველა ოპოზიციურ პარტიასა და მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას მიმართავს.
"აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მთავრობის დადგენილებით, რომლითაც ამ მომენტისთვის თანამდებობაზე მყოფ ყველა დირექტორს ვადა გაუგრძელდება პირობითად 2021 წლის 15 მარტამდე. ამ დროისთვის ჩავლილი იქნება საარჩევნო პერიპეტიები, დამტკიცებული იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობაც". – წერს ბაჩანა შენგელია.
ბაჩანა შენგელიას შეფასებით, თუკი მთავრობა ასე არ მოიქცევა, თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას დაეკისრება. ნოტარიუსმა ასევე მიმართა სახალხო დამცველის აპარატსა და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, დაინტერესდნენ საკითხით.
"სიტუაცია არის შემდეგი: საჯარო სკოლების არჩეული დირექტორების უმრავლესობას თანამდებობაზე ყოფნის ვადა გასდის 2020 წელს. ამ წლის აპრილში იყო დანიშნული დირექტორების შესარჩევი კონკურსი, რომელიც პანდემიის მიზეზით გადაიდო. ნუ, ის რომ ეს კონკურსი დღემდე არ დაინიშნა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გაცილებით დიდი მასშტაბის ეროვნული გამოცდები ჩატარდა, ეს ცალკე პრობლემაა". – დაწერა ბაჩანა შენგელიამ.
შენგელია ამ ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც ერთერთმა პოლიტიკურმა აქტივისტმა, ბექა ლელუაშვილმა თქვა, რომ დედამისი, დოდო ჭოტორლიშვილი ქსნის საჯარო სკოლის დირექტორობიდან მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო გაათავისუფლეს.
ბაჩანა შენგელიას დედა, ია კერზაია ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაათავისუფლეს. ის წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა. იმავე წლის 2 დეკემბერს დირექტორი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში ანონიმური ავტორის წერილის საფუძველზე შევიდა. 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა. 2019 წლის ნოემბერში ომბუდსმენმა დაადგინა, რომ საქმეში ვლინდება სისტემური ხარვეზები და რომ დაგვიანებულმა გამოძიებამ შეუძლებელი გახადა სიმართლის დადგენა.