კორონავირუსითან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, იქმნება რამდენიმე ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც შევა რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი და ადმინისტრატორი. მობილური ჯგუფების ძირითადი დანიშნულება იქნება ყველა კოვიდ კლინიკასთან კომუნიკაცია და დასკვნის მომზადება - ინფიცირებული მძიმე პაციენტების მართვაში რა არის გასაუმჯობესებელი, რა შესაცვლელი და რა შესანარჩუნებელი.
კითხვაზე, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების გარდაცვალების მიზეზად გამორიცხავს თუ არა არასათანადო მკურნალობას, თენგიზ ცერცვაძე პასუხობს, რომ მობილური ჯგუფები ამასაც შეისწავლის.
"დღეისთვის ჩემ ხელთ არსებული მონაცემებით რაიმე სერიოზული შეცდომები და გადაცდომები, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი, არ დაფიქსირებულა, მაგრამ კატეგორიულად ვერ გამოვრიცხავ.
ეს 4-5 ოპერატიული ჯგუფი სწორედ იმიტომ იქმნება, რომ ადგილზე შეაფასოს ეს სიტუაცია - მართლა ყველა შემთხვევაში სასიკვდილო გამოსავალი იყო გარდაუვალი და ამას წინ ვერავინ აღუდგებოდა, ღმერთიც ვერ გადაარჩენდა, თუ ზოგიერთ შემთხვევაში ყველაფერი ოპტიმალურად არ გაკეთდა, შეიძლებოდა, რაღაც სხვანაირად გაკეთებულიყო და პაციენტი გადარჩენილიყო.
ამაზე პასუხი გვექნება დაახლოებით ერთ კვირაში, ათ დღეში და არამხოლოდ პასუხი იქნება, არამედ რაც საჭირო იქნება, დაკორექტირდება". – თქვა ცერცვაძემ.
12 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ 211 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
სულ ქვეყანაში COVID-19-ის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებული 93 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 8 ბოლო 24 საათში.





