არჩევნები 2020

ლელო: ლელოს სამეგრელოს ერთ-ერთი ოლქის წევრს "ზონდერი" გულბაათ ქარდავა დაემუქრა

ლელოს სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, თამარ ბელქანიამ და ალექსანდრე ახვლედიანმა საგანგებო ბრიფინგზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტზე ისაუბრეს, რომელიც, მათი თქმით, ქართული ოცნების მიერ განხორციელდა.

"დღეს, 12:30 წუთზე, ჩემს პრესმდივანზე განხორციელდა მუქარა შემდეგი ნომრიდან, რომელიც ეკუთვნის ძალიან ცნობილ სახელისუფლებო ზონდერს, გულბაათ ქარდავას. რომელიც დასუფთავების სამსახურში მუშაობს. არ გვაქვს განცდა, რომ ჩემი პრესმდივანი არის დაცული და მას არ ეძლევა საშუალება პროფესიული საქმიანობა თავისუფლად განაგრძოს. იმის ნაცვლად, რომ მოხდეს ხელშეწყობა, პირიქით, ხდება მუქარა და არ გვეძლევა საშუალება წინასაარჩევნო კამპანია ვაწარმოოთ, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში თუ რა ხდება რეგიონში.

თუ აღნიშნული ფაქტი სწრაფად არ იქნა გამოძიებული, ის აუცილებლად შეიტანს სარჩელს გულბაათ ქარდავას წინააღმდეგ, რადგან ის არის ჟურნალისტი და ხდება მისი, როგორც პროფესიონალის დისკრედიტაცია.

ჩვენ, მთლიანი რეგიონი, ერთსულოვანი ვართ და ვგმობთ ამ საქციელს. თუ ეს მუქარა მოქმედ ხელისუფლებას გაუვიდა, არცერთ ჟურნალისტს არ ექნება იმის განცდა, რომ ის ობიექტურად შეძლებს პროცესების გაშუქებას". – თქვა ბელქანიამ.

დღეს, 12 ოქტომბერს ლელომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების წევრებმა ქობულეთში ლელოს მოსახლეობასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს. დაპირისპირება ქობულეთის ბაზრის შესასვლელთან მოხდა, სადაც ბაზრის მფლობელი რამდენიმე დღეა, ლელოს აქტივისტებს სააგიტაციო მასალის დასარიგებლად არ უშვებს.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. 

კომენტარები