ახალი კორონავირუსი საქართველოში

რატომ უპირებდნენ გარდაცვლილ ინფიცირებულ კაცს ბათუმიდან გორში გადაყვანას

ბათუმში, კლინიკა მედინაში დღეს, 12 ოქტომბერს 55 წლის ინფიცირებული კაცი გარდაიცვალა. მის გადაყვანას გორის კლინიკაში აპირებდნენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კატასტროფის მედიცინის ცენტრმა მიიღო. 

ინფორმაცია ტაბულას მედინას კლინიკურმა დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ დაუდასტურა. ჩვენთან საუბარში ექიმი განმარტავს, რომ მედინა არ არის COVID-მიმღები კლინიკა და ამ პაციენტის მკურნალობისთვის კლინიკა ერთადერთ ბოქსსა და სასუნთქ აპარატს იყენებდა, რის გამოც, სხვა პაციენტებს ვეღარ იღებდნენ. 

"დავურეკეთ კატასტროფის მედიცინის ცენტრს, რომელმაც გადაწყვიტა და მიჰყავდათ გორში. მოხდა პროგრესირებადი გულსისხლძარღვთა უკმარისობის და სუნთქვის უკმარისობის პროგრესირება და პაციენტი გარდაიცვალა". – თქვა ჯუმბერ უნგიაძემ. 

ტაბულა დაუკავშირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს კითხვით, რატომ გადაჰყავდათ პაციენტი გორში და არა მუნიციპალიტეტში მდებარე სხვა კლინიკაში, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად ავრცელებს ცნობებს იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტში საწოლების საკმარისი რაოდენობაა. 

პასუხად სამინისტროში გვითხრეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რატომ გადაწყვიტა კატასტროფის მედიცინის ცენტრმა პაციენტის გორში გადაყვანა, ნაცვლად აჭარისა. 

12 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ 211 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

სულ ქვეყანაში COVID-19-ის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებული 93 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 8 ბოლო 24 საათში.

კომენტარები