კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პოლიტიკურ შეკრებებზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჯერ არ ყოფილა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, პოლიტიკურ შეკრებებზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ჯერ არ ყოფილა. გამყრელიძემ პოლიტიკოსებს გარესივრცეში შეხვედრების ჩატარებისა და პირბადის გამოყენებისკენაც მოუწოდა. 

"მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, რომ იყოს უფრო ხშირი შეხვედრები გარესივრცეში და იქაც იხმაროს ყველამ პირბადე, როგორც თვითონ პოლიტიკოსებმა, ასევე საზოგადოებამ, ვისაც ისინი ხვდებიან". –თქვა ამირან გამყრელიძემ.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარაში დადასტურდა. 

12 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 91 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

 

 

კომენტარები