დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, აჭარაში, ჯერჯერობით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება.
მისი განმარტებით, აჭარაში ვირუსის სტაბილიზაცია შეინიშნება, თუმცა, თუკი სულ მცირე, ერთი კვირის განმავლობაში არ დაფიქსირდება ინფიცირებულების ნაკლები რაოდენობა, შეზღუდვების მოხსნა რეკომენდებული არ არის.
"აჭარაში მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ იმ შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა ამ ეტაპზე, სანამ ერთი ინკუპაციური პერიოდი მაინც არ გავა.
სანამ არ გვექნება სტაბილურად, სულ მცირე, ერთი კვირა შედარებით მცირე რაოდენობა ინფიცირებულების, მანამდე არ არის რეკომენდირებული შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა". –ამბობს გამყრელიძე.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარაში დადასტურდა.
12 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 91 კი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.





