საფრანგეთი

საფრანგეთში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს ჰაერში შეეჯახა, დაიღუპა 5 ადამიანი

Getty Images

საფრანგეთში ორი პატარა თვითმფრინავის ჰაერში შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ქალაქ ტურის ახლოს შაბათს, 10 ოქტომბერს მოხდა.

მცირე ზომის საფრენი აპარატი, რომელშიც ორი მგზავრი იყო, ტურიდან 46 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ლოშში, საცხოვრებელი სახლის ახლოს ჩამოვარდა. მეორე თვითმფრინავი, Diamond DA40, ტურთან ახლოს დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე სამი ტურისტი იყო. ორივე თვითმფრინავის მგზავრები დაიღუპნენ. თვითმფრინავების ჩამოვარდნის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილებზე 50-მდე მეხანძრეა მობილიზებული.

ჯერჯერობით, უცნობია დეტალური ინფორმაცია მგზავრებისა და კატასტროფის მიზეზის შესახებ. პოლიციამ შემთხვევის გამოძიება დაიწყო.

ჰაერში მცირე ზომის თვითმფრინავების შეჯახება იშვიათი მოვლენაა. 

"ლოშის მახლობლად თითქმის არასდროს არ არის საჰაერო მოძრაობა. იშვიათი და დაუჯერებელი შემთხვევაა". – თქვა ქალაქის მერმა.

კომენტარები