კორონავირუსი საქართველოში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მათ 9 თანამშრომელს, რომლებიც თვითიზოლაციაში იყვნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათივე ცნობით, ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

უწყების ინფორმაციით, COVID-19-ზე გეგმური ტესტირება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს, მებაჟე ოფიცრებსა და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალს, ჯამში 430 ადამიანს ჩაუტარდა. 

დღეს, 10 ოქტომბერს ახალი კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 6 პაციენტი, გამოჯანმრთელდა კიდევ 253 ადამიანი.  

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 119 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 074 შემთხვევაა აქტიური. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. 

კომენტარები