აფგან მუხთარლის საქმე

კახიძე მუხთარლიზე: 31 ოქტომბრის შემდეგ ყველა ასეთ საქმეს ნათელი მოეფინება

ქუთაისში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ კახიძე ეხმაურება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოში არ შემოშვების ფაქტს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასრულების შემდეგ, ყველა მსგავს საქმეს ობიექტური გამოძიებით ნათელი მოეფინება. 

"აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლების უშუალო ჩართვით გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან, შემდგომ გაანადგურეს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა მის გატაცებას და არ შექმნეს საგამოძიებო კომისია, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით. რა თქმა უნდა, მისი არშემოშვებაც იმავე ხაზის გაგრძელებაა, მაგრამ მე მინდა, ვუთხრა მთელ საზოგადოებას, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დასრულების შემდეგ, 31 ოქტომბრის მერე, ყველა ამ ბურუსით მოცულ საქმეს ნათელი მოეფინება, როდესაც ობიექტური გამოძება ნათელ სურათს დაადენს.

მანამდე კი ასეთ უთავმოყვარეო ზეიმში არის ჩვენი ქვეყანა, როდესაც ჟურნალისტებს დედაქალაქის ცენტრიდან იტაცებენ და საზღვარზე გადაჰყავთ ტომარაჩამოცმული, ეს ყველაფერი ცვლილებებთან ერთად დასრულდება". – თქვა ოთარ კახიძემ. 

თბილისიდან 2017 წლის მაისში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად 9 ოქტომბერს უნდა ჩამოსულიყო. გუშინ, 9 ოქტომბერს ჟურნალისტმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბერლინის აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით გამოფრენის საშუალებას არ აძლევდნენ და რომ მას საქართველოს ავიახაზები და საკონსულო უქმნიდნენ დაბრკოლებას. 

"ამბობენ, რომ საბუთები წესრიგში არ მაქვს, რაც სიცრუეა. როგორც ჩანს, იციან, რომ ჩამოვდივარ და ცდილობენ, შემაჩერონ. ჩემი დოკუმენტები შეესაბამება იმას, რაც ეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. მე ისინი შევავსე და მივიღე თანხმობა გამგზავრებაზე". – წერდა მუხთარლი. 

იმავე საღამოს განმარტება გაავრცელა აირზენამაც. განცხადებაში ავიაკომპანია წერდა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს არ შეუყვანია ე.წ „მწვანე ქვეყნების“ რიგში და, შესაბამისად, ის საქართველოში შემოსვლას ვერ შეძლებდა. 

აღსანიშნავია, რომ აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ გერმანიაში ცხოვრობს და მას იქ მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გერმანიის მოქალაქეებს, ისევე, როგორც რეზიდენტებს, საქართველოში შემოსვლა 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე, მხოლოდ PCR-ტესტის პასუხით შეუძლიათ. 

აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო სდევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ იქამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან არ მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული. 

როგორც მუსტაფაევა ამბობდა, მათ ბინადრობის მიღების უფლებით ქართულ მხარეს გატაცებამდე ერთი წლით ადრე მიმართეს, თუმცა, უარი მიიღეს იმ საბაბით, რომ ისინი "სახიფათო საქმიანობას" ეწეოდნენ. გატაცებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ლეილა მუსტაფაევა ამბობდა, რომ მას უთვალთვალებდნენ და პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებდა. პროკურატურამ მასა და მუხთარლის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზეც უარი უთხრა, რის შემდეგაც მუსტაფაევამ ქვეყანა დატოვა

მოგვიანებით აფგან მუხთარლიმ თქვა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. მუხთარლი ამბობდა, რომ რომ საქართველოდან ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და ამის უფლება მათ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.

მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან მარტში გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ცოლთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. იმავე პერიოდში ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ ბაქოში ერთერთმა მაღალჩინოსანმა მას უთხრა, რომ მისი გატაცებისთვის ქართულ მხარეს $3 000 000 გადაუხადეს. 

კომენტარები