დავითგარეჯის საქმე

გაუგზავნე გასამხნევებელი წერილი მელაშვილსა და ილიჩოვას – ელენე ხოშტარიას ინიციატივა

ელენე ხოშტარია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერ აქციაზე
ტბელ აბუსერიძე / Facebook/ ელენე ხოშტარია Elene Khostaria

ვაკის ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია გამოდის ინიციატივით, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილ წევრებს მოქალაქეებმა გასამხნევებლად ციხეში წერილები გაუგზავნონ. 

ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. დეპუტატის თქმით, პირველი დღეები ციხეში ყველაზე მძიმეა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ახლა გამხნევება სჭირდებათ. 

"ბევრი ადამიანი FB-ზე წუხს ამ უსამართლობაზე, მათ მდგომარეობაზე. ეს ემოცია ვაქციოთ სასარგებლოდ და დღეიდან დავიწყოთ მათთან წერილების გაგზავნა. გავამხნევოთ, გავუზიაროთ ჩვენი ემოცია. დარწმუნებული ვარ, უცხო ადამიანებისგან მიღებული წრილები მათ ძალიან გააძლიერებს". – წერს ელენე ხოშტარია. 

როგორ უნდა გაგზავნოთ წერილები? 

წერილის გაგზავნა ხდება ნებისმიერი ფოსტიდან შემდეგ მისამართებზე: 

ივერი მელაშვილი, №8 დაწესებულება (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ) – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.

ნატალია ილიჩოვა, №5 დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) – ქალთა სპეციალური დაწესებულება.

"თუ დრო არ გაქვთ, გამომიგზავნეთ მე ტექსტი, სახელი, გვარი და ტექნიკურად მოვაგვარებ, გავაგზავნი თქვენი სახელით". – წერს დეპუტატი. 

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსს, ივერი მელაშვილსა და წევრს, ნატალია ილიჩოვას საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

მელაშვილი და ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: 

კომენტარები