დავითგარეჯის საქმე

ხოშტარია დავითგარეჯის საქმეზე: მხოლოდ რუსეთის ინტერესშია, მეზობლებთან დაგვაპირისპიროს

ფოტო: ტბელ აბუსერიძე

ევროპული საქართველოს წევრი და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია დავითგარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება. მისი შეფასებით, საქართველოს მეზობლებთან დაპირისპირება მხოლოდ რუსეთის ინტერესშია.

"ვხედავთ ძალიან მკაფიო პოლიტიკურ წინასაარჩევნო დაკვეთას, რომ ადამიანები მოატყუონ, თითქოს საქართველომ რაღაც ტერიტორია დაკარგა. 

ეს არის ტყუილი, ეს არის მხოლოდ რუსეთის ინტერესში, რომ დაგვაპირისპირონ ისედაც არსებული ომის პირობებში ჩვენს მეზობლებთან და ამ პოლიტიკურ ბინძურ ტყუილს კონკრეტული ადამიანები ეწირებიან". - ამბობს ხოშტარია.

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

კომენტარები