აშშ-თურქეთი

აშშ-ს სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას: თურქეთს S-400-ების შესყიდვისთვის სანქციები დაუწესეთ

Getty Images

აშშ-ში რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, რომ თურქეთს სანქციები დაუწესოს რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შესყიდვის გამო. მათ მოწოდებას წინ უძღოდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურქეთი, შესაძლოა, S-400-ების გამოცდას გეგმავს. 

6 ოქტომბერს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთი S-400-ების გამოცდას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა ამ საკითხში გათვითცნობიერებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. 

რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯეიმს ლენდფორკმა და დემოკრატმა, კრის ვან ჰოლენმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მისწერეს და ჰკითხეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. მათი მოსაზრებით, S-400-ების შესყიდვის გამო, ვაშინგტონის მიერ აშკარა ქმედებების ნაკლებობამ თურქეთის მთავრობას მეტი გამბედაობა მისცა.

სახელმწიფო დეპარტამენტს მათი წერილისთვის ჯერ არ უპასუხია. 

2019 წელს რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მ თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს, ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას.

დეკემბერში აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტმა 18 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა თურქეთისათვის სირიაში სამხედრო ოპერაციის დახმარების და რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენის გამო სანქციების დაწესების კანონპროექტს. რუსეთისა და თურქეთის შეთანხმება არღვევს აშშ-ს 2017 წელს მიღებულ სანქციების კანონს (CAATSA/პასუხი ამერიკის მოწინააღმდეგეებს სანქციების აქტის მეშვეობით), რომლითაც ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან სამხედრო სფეროში ბიზნესს აწარმოებენ, სანქციები ეკისრებათ.

სირიაში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს ჯეფრიმ 5 მარტს სტამბოლში ვიზიტისას განაცხადა, რომ თურქეთის მიერ რუსული S-400 თავდაცვითი სისტემების შეძენა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

30 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ აგრძელებს იმის შეფასებას, თუ როგორ უპასუხებს თურქეთის მიერ რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვას.

აგვისტოში რუსეთის სახელმწიფო კონგლომერატის, როსტეკის უფროსმა, სერგეი ჩემეზოვმა, განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთში S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის დამატებითი პარტიის გაგზავნის კონტრაქტს, სავარაუდოდ, 2021 წელს ხელს მოაწერს.

კომენტარები